დიდი ბრიტანეთის მსგავსად, ევროკავშირის შემადგენლობიდან გასვლის მოწოდება გერმანიაშიც გაისმა პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ყრილობაზე.
გავრცელებული ინფორმაციით, პარტიის ფედერალურ ყრილობაზე, რომელიც დრეზდენში კვირას გაიმართა, ამ წინადადებას 550–ზე მეტმა დელეგატმა დაუჭირა მხარი.
„ჩვენ აუცილებლად მიგვაჩნია გერმანიის ევროპის კავშირიდან გასვლა და ახალი ევროპული ეკონომიკური თანამეგობრობის დაარსება, რომელიც საერთო მიზნებზე იქნება დაფუძნებული“, — ნათქვამია ყრილობაზე მიღებულ დოკუმენტში.
ამასთან აღინიშნება, რომ პარტიის თანათავმჯდომარე იორგ მოიტენი არ ეთანხმება თანაპარტიელებს და Dexit–ის წინააღმდეგია.
პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ინიციატივა უარყოფითად შეაფასეს სხვა პოლიტიკოსებმაც. ბუნდესტაგის დეპუტატმა თავისუფალი დემოკრატიული პარტიიდან ალექსანდერ ლამსდორფმა ისინი „ბრიყვულ ნაციონალიზმში“ დაადანაშაულა.
აღსანიშნავია, რომ მანამდე ევროკავშირიდან გასვლის, ეგრეთ წოდებული Frexit–ის თაობაზე მოწოდებები საფრანგეთშიც გაისმა.