თურქეთის მთავრობამ, იტალიის პრემიერის მიერ ერდოღანის დიქტატორად მოხსენიების გამო, იტალიურ კომპანიებთან კონტრაქტები შეაჩერა

თურქეთის მთავრობამ, იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის მიერ რეჯეფ თაიფ ერდოღანის დიქტატორად მოხსენიების გამო, თურქეთში მოქმედ იტალიურ კომპანიებთან კონტრაქტები შეაჩერა.

ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ევროაქტივი“ ავრცელებს. კერძოდ, თურქეთის მინისტრთა კაბინეტმა, რომელიც იტალიის ხელისუფლებისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს, შეაჩერა იტალიური კომპანია „ლეონარდოს“ მიერ წარმოებული ვერტმფრენების შესყიდვა.

კონტრაქტის ღირებულება 150 მილიონი ევროა. ხელისუფლებამ ასევე გააფრთხილა სხვა იტალიური კომპანიები, რომლებიც თურქეთში მუშაობენ.

შეგახსენებთ, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრმა თურქეთის პრეზიდენტი დიქტატორად მას შემდეგ მოიხსენია, რაც ევროკომისიის ლიდერების თურქეთში ვიზიტის დროს ინციდენტი მოხდა. კერძოდ, ერდოღანის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელისა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის შეხვედრის დროს, ამ უკანასკნელს სკამი არ შესთავაზეს და ის უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

ანკარაში ამტკიცებენ, რომ პროტოკოლი არ დაურღვევიათ.