პარლამენტის საგაზაფხულო სესიის გახსნასთან ერთად აქტიურდება ოპოზიციაც. ხელისუფლების ოპონენტები სხდომაზე დასწრებას არ გეგმავენ და საკუთარ დამოკიდებულებას ამჯერადაც პარლამენტისა და სხვა საჯარო დაწესებულებებთან პიკეტირების გზით გამოხატავენ. დაგეგმილია სირცხვილის დერეფნების მოწყობაც.
პარლამენტის ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით,
ოპოზიციონერი კანონმდებლები პროტესტზე უარის თქმას მანამ არ აპირებენ, სანამ ხელისუფლება, საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით, ხალხისთვის მიცემულ პირობას არ შეასრულებს.
“4-ში ჩვენ არ დავესწრებით პლენარულ სხდომას, ვაგრძელებთ ბოიკოტს, ამავე დროს ვაგრძელებთ სახელისუფლებო დაწესებულებების პიკეტირებას. პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ არ მივაღწევთ შედეგს. შედეგი არის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა. ამას უკვე ითხოვს მთელი მსოფლიო – დაწყებული ამერიკის კონგრესით დამთავრებული ევროკავშირით. თუ არ დათანხმდება ხელისუფლება, მაშინ მივლენ ჩამოშლილი, ჩამოძონძილი არჩევნებამდე,”- განაცხადა რომან გოცირიძემ.
“ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრის, ირაკლი კიკნაველიძის თქმით, ხელისუფლებისთვის დისკომფორტის შექმნა მოლაპარაკებებთან ერთად გაგრძელდება.
“ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების პროტესტი განახლდება, როდესაც დაიწყება საპარლამენტო ცხოვრება საქართველოში და ხელისუფლებას მოუწევს იმ ძალიან დიდი დისკომფორტის ატანა, მაგრამ კანონიერი დისკომფორტის ატანა, რომელსაც ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაშ მათ ვუქმნიდით, ეს აუცილებლად გაგრძელდება იმ მოლაპარაკებებთან ერთად, რომელსაც უძღვებიან ჩვენი საერთაშორისო მეგობრები. ჩვენ გვჯერა, რომ ეს მოლაპარაკებები, პროტესტი დ საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლა, ეს ყველაფერი ერთად გამოიწვევს იმ სასურველ შედეგს, რომ ბიძინა ივანიშვილს უკან დახევა მოუწევს,”-განაცხადა ირაკლი კიკნაველიძემ.