ბრძოლა დღეს არ მთავრდება, ხვალ ჩვეულებრივ გავაგრძელებთ აქციას – ვარლამ გოლეთიანი

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტებმა ინვესტორი კომპანია „ენკას“ ტექნიკური ბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან უკან დაიხიეს.

როგორც აქტივისტთა ერთ-ერთი ლიდერი ვარლამ გოლეთიანი ამბობს, აქცია ხვალ გაგრძელდება.

“ბრძოლა დღეს არ მთავრდება, ხვალ ჩვენ ჩვეულებრივ გავაგრძელებთ აქციას, როგორც აქამდე ვაკეთებდით. მაგრამ როცა ვხედავთ, რომ პოლიცია პირდაპირ დაპირისპირებაზე მოდის, რა თქმა უნდა, ჩვენ გაცხადებულად მშვიდობიან პროტესტს ვაწარმოებთ და პირველ რიგში ჩვენს ინტერესებში არ შედის, რომ რამე დაპირისპირება მოხდეს ჩვენს თანამებრძოლებსა და პოლიციას შორის”, — განუცხადა “ხმას” ვარლამ გოლეთიანმა.

სოფელ გუმათში, სადაც ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა საავტომობილო გზა პროტესტის ნიშნად გადაკეტეს, პოლიციასა და აქტივისტებს შორის დაძაბულობა იყო. ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტ მარიტა მუსელიანის ინფორმაციით, სოფელ გუმათში 10-მდე ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ მან ნეტგაზეთს განუცხადა. აქტივისტების ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც.

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე „რიონის ხეობის მცველებს“ სოფელ გუმათში საავტომობილო გზა პროტესტის ნიშნად ჰქონდათ გადაკეტილი.

დემონსტრანტები მოითხოვდნენ, რომ პოლიციას მოეხსნა გუმათჰესთან აღმართული ბლოკპოსტი და მისცემოდათ მათ გადაადგილების უფლება სოფელი ნამოხვანისკენ, სადაც თვეების განმავლობაში ჰქონდათ აღმართული კარვები.

გზა დემონსტრანტებმა 11 აპრილსაც გადაკეტეს გუმათჰესთან. თუმცა, როგორც დემონსტრაციის ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, იმ ადგილას გზის დაკეტვით ნამოხვანისკენ შემოვლითი გზის გამოყენების შესაძლებლობა კვლავ არსებობდა, ამჟამად კი ეს შესაძლებლობაც არ დატოვეს და, შესაბამისად, ვერც კომპანიის ტექნიკა და ვერც სხვა ავტომობილები ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზაზე ვერ გადაადგილდებიან. დემონსტრტანტების თქმით, გზაზე მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას გაუშვებენ.

11 აპრილს, გზის გადაკეტვის შემდეგ, პოლიციამ მათ ასევე მიმართა, გზა გაეხნსათ, წინააღმდეგ შემთხვევაში კვლავ „პროპორციული ზომის გამოყენებით“ დაემუქრნენ, თუმცა ამაზე პასუხად ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ თუ პოლიცია ძალას გამოიყენებდა, ისინი ხელაწეულები შეხვდებოდნენ.

იმ ღამით პოლიციასთან დაპირისპირება არ მომხდარა.


პოლიციას უკვე 2 კვირაზე მეტია, გუმათჰესთან ბლოკპოსტი აქვს აღმართული და გადაადგილებას ზღუდავს, ხოლო რამდენიმე დღეა, „რიონის ხეობის მცველებს“ საერთოდ აღარ უშვებს სოფელ ნამოხვანამდე, სადაც მათ პროტესტის გაგრძელება სურთ.

უფლებადამცველი ორგანიზაციებით შეფასებით, პოლიციის ეს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. წინა დღით 13-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ სოლიდარობა გამოუცხადა აქციის მონაწილეებს.

ორგანიზაციების განცხადებით, სახელმწიფო უხეშად არღვევს დემონსტრანტების მიმართ კონსტიტუციით გარანტირებული შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას.

 

“ნეტგაზეთი”