“დაიწყონ გამოძიება, მე ცოლები ნინუცამდეც მყოლია და ახლაც მყავს…“ – ბესო ზანგური

მსახიობი ბესო ზანგური ყოფილ ცოლზე, ნინუცა მაყაშვილზე ძალადობას უარყოფს. ზანგური ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში ამბობს, რომ ეს გადაცემაში 5 ათასი ლარის მისაღებად მოგონილი ტყუილია და მზად არის გამოძიებას კითხვებზე პასუხები გასცეს.

„დაიწყონ გამოძიება, მოხარული ვიქნები რომ გამოძიებას გავცე პასუხები. მანამდეც მყოლია ცოლი, ნინუცა მაყაშვილამდე და მის მერეც, ახლაც მყავს. არცერთი ასეთ რაღაცას არც იგონებს, არც ადასტურებს“, – აცხადებს მსახიობი.

რუსთაველის თეატრი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერით, გადაცემა „ფარულ კონვერტში“ გასულ ინტერვიუს, სადაც მსახიობი ნინუცა მაყაშვილი რუსთაველის თეატრის მსახიობს, ბესო ზანგურს, ოჯახში ძალადობაში ადანაშაულებს. რუსთაველის თეატრის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ: „რუსთაველის ეროვნული თეატრი გმობს ყოველგვარ ძალადობას, მათ შორის ოჯახურ ძალადობას!“.

მსახიობ ბესო ზანგურის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შესახებ მსახიობ ნინუცა მაყაშვილის განცხადებას „ფეისბუქზე” გამოეხმაურა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა.„ვგრძნობდი, რომ ესენი ბოლშევიკები იყვნენ, ნეოკომუნისტები! და ქალებმა 1937 წელი დაიწყეს! რ ე პ რ ე ს ი ე ბ ი!” – წერს რეჟისორი.

12 აპრილს, გადაცემა „ფარულ კონვერტში“ 33 წლის მსახიობმა გაიხსნენა 11 წლის წინანდელი ფაქტები, როდესაც მისი თქმით, ყოფილი მეუღლე ფიზიკურად უსწორდებოდა, თუმცა, ამის შესახებ წლების განმავლობაში დუმდა.

ნინუცა მაყაშვილმა განაცხადა, რომ ის ძალადობის მსხვერპლი იყო. მასზე მეუღლე, ბესო ზანგური ფიზიკურად ძალადობდა, მათ შორის – ორსულობის დროსაც. ნინუცა მაყაშვილის თქმით, სწორედ ოჯახური ძალადობა გახდა წყვილის განქორწინების მიზეზი.

“სპუტნიკი’