ბრალდებულს/მსჯავრდებულს შესაძლოა, აღარ ჰქონდეს უფლება, რომ შეუზღუდავი რაოდენობით გააგზავნოს და მიიღოს წერილები.
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო “პატიმრობის კოდექსში”, “სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ კანონში”, „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში”,„ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში”, „ ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსსა” და „ სამოქალაქო საპროცესო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტის მომზადებას გეგმავს. ამის შესახებ 2020 წლის საგაზაფხულო სესიისთვის გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაშია აღნიშნული.
დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულის/მსჯავრდებულის კორესპონდენციის გაგზავნის უზრუნველყოფისას გაითვალისწინებს ადრესატის (მესამე პირის) სურვილსაც.
“პატიმრობის კოდექსის მოქმედი რედაქციით, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს შეუზღუდავი რაოდენობით გააგზავნოს და მიიღოს წერილები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. პრაქტიკის ანალიზმა ცხადყო, რომ ცალკეულ შემთხვევებში, მოქალაქეები გამოხატავენ უკმაყოფილებას და აცხადებენ, რომ არ სურთ გარკვეულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მხრიდან წერილების მიღება. ამავე კანონპროექტით უნდა მოწესრიგდეს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ ტელეფონით სარგებლობის საკითხებიც”, – აღნიშნავს იუსტიციის სამინისტრო.
გარდა ამისა, იუსტიციის სამინისტრო საჭიროდ მიიჩნევს, საპროცესო კანონმდებლობაში განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები და სასამართლოს მიენიჭოს უფლებამოსილება, დაადგინოს სასამართლო განხილვაში მსჯავრდებულის დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით მონაწილეობა.
წყარო:’ინტერპრესნიუსი’