ჩემი გადადგომით შეიქმნა შესაძლებლობა ხორავას ქუჩის საქმე ლოგიკურ დასასრულამდე მისულიყო – შოთაძე

ვფიქრობ, რომ ჩემი გადადგომით შეიქმნა შესაძლებლობა ეს საქმე (ე.წ. ხორავას ქუჩის საქმე) ლოგიკურ დასასრულამდე მისულიყო.

დღესაც არ ვნანობ მიღებულ გადაწყვეტილებას, – ასე უპასუხა გენერალური პროკურორობის კანდიდატმა ირაკლი შოთაძემ საბჭოს წევრის კითხვას, სადაც ის შოთაძისგან გადადგომის მიზეზებით დაინტერესდა და ჰკითხა, არჩევის შემთხვევაში, ხომ არ იყო საშიშროება ვადამდე მომავალშიც დაეტოვებინა პოსტი.

როგორც შოთაძემ აღნიშნა, მისი გადადგომის მიზანი იყო საქმეზე გაგრძელებულიყო მართლმსაჯულების პროცესი, ის წასულიყო სამართლებრივი გზით და ლოგიკურ დასასრულამდე მისულიყო.

„არაერთხელ მისაუბრია იმ მოტივებზსა და მიზეზებზე, რატომაც მივიღე ეს გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ. ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება და მივიღე პროკურატურის, სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე. მაშინ შეიქმნა განსაკუთრებული სიტუაცია, როცა მართლაც მძიმე სისხლის სამართლის საქმეზე, საზოგადოებასთან კომუნიკაციის პრობლემა შეიქმნა. პოლიტიკური ჯგუფები და პარტიები, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეები, მიმდინარე გამოძიება, არის აქტუალური საზოგადოებაში, ხშირად ცდილობენ ამ საქმეების საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენებას. ეს სიტუაცია და საზოგადოებაში არსებული გაუგებრობა მეტწილად განპირობებული იყო პოლიტიკური პარტიების მხრიდან ამ ტრაგედიით მანიპულირებით, საზოგადოება შეცდომაში იყო შეყვანილი. რეალურად გადაწყვეტილება იყო პირველი ინსტანციის, გრძელდებოდა მართლმსაჯულების პროცესი და ყველაფერი წინ იყო. საგამოძიებო ორგანოებს – შსს, პროკურატურას, მაშინ ვფიქრობდი, რომ დიდი სამუშაო ჰქონდათ გასაწევი, რათა ამ საქმეზე მართლმსაჯულება აღსრულებულიყო. ახლა არ ვიცნობ საქმის დეტალებს“, – განაცხადა შოთაძემ.

მისივე თქმით, გადადგომის მთავარი მესიჯი იყო, საზოგადოებას დაენახა, რომ მისთვის თანამდებობა არაფერს არ წარმოადგენდა.

„ჩემი მთავარი მესიჯი ამ შემთხვევაში იყო რომ დაენახა საზოგადოებას, ჩემთვის თანამდებობა არაფერს წარმოადგენდა. ეს იყო შესაძლებლობა საზოგადოებისა და კანონის სამსახურში ვყოფილიყავი. მე პირადად არანაირი მოტივაცია არ მქონია რაიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩამედინა და რაიმე სამსახურებრივი უფლებამოსილება კანონის საწინააღმდეგო მიზნებისთვის გამომეყენებინა. სწორედ ამის საჩვენებლად მივიღე ეს გადაწყვეტილება. ასევე ამის მიზანი იყო ის,რომ გაგრძელებულიყო მართლმსაჯულების პროცესი ამ საქმეზე, საქმე წასულიყო სამართლებრივი გზით და ლოგიკურ დასასრულამდე მისულიყო. მე ვფიქრობ, რომ ამ გადაწყვეტილებით შეიქმნა ამის შესაძლებლობა და დღესაც არ ვნანობ მიღებულ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა შოთაძემ.