ფულად გზავნილებში რუსეთმა ლიდერობა დაიბრუნა

საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გზავნილები 2021 წლის მარტში 49,5%-ით გაიზარდა და 188,2 მლნ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის საიტზე.

მარტში ქვეყანაში ყველაზე მეტი ვალუტა რუსეთიდან შემოვიდა – აღნიშნულ პერიოდში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ დაახლოებით 32,2 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 17,1%-ია. 2021 წლის მარტში, გასულ წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთიდან 26,8%-ით მეტი თანხა გადმოირიცხა.

რუსეთმა, რომელმაც ფულადი გზავნილების მოცულობით 2021 წლის იანვრიდან პირველობა იტალიას დაუთმო, კვლავ დაიბრუნა ლიდერი პოზიციები.

რამდენი ვალუტა გადმოირიცხა  ქვეყანაში

საქართველოს კომერციულ ბანკებში 2021 წლის იანვარი–მარტში ელექტრონული სისტემებით ფულადი გზავნილების მოცულობა 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28,4%-ით გაიზარდა და 499,3 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა.

 

იტალია საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობით ლიდერია. იტალიიდან ფულადი გადარიცხვების საერთო მოცულობამ იანვარი–მარტში დაახლოებით 86,4მლნ დოლარი შეადგინა, რაც ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 17,3%-ია.  2021 წლის დასაწყისიდან იტალიიდან 43,9%–ით მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.

რამდენი ვალუტა გაიგზავნა საქართველოდან

2021 წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ დაახლოებით 24,9 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 21,9%-ით მეტია 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან უცხოეთში დაახლოებით 63,1 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც 4,1%–ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

“სპუტნიკი”