კლასტერი ,,მე და მე“ – კითხვები იზოლაციაში . . .
დრო გადის, ასაკი მემატება, უკვე 65 წელს გადავაბიჯე… ამასობაში, თვითიზოლაციის დამსახურებული ოსტატი გავხდი. გაზაფხულის მონატრებული მზე იმედით მავსებს. გარეთ ვსეირნობ და ვფიქრობ…
საკუთარ თავს ვეკითხები:
გახსოვს, რომ რომელიმე ხელისუფლებამ, როდისმე საკუთარი შეცდომა აღიარა? სულ ერთი მაინც?!.. და ის თუ გახსოვს, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტიის შესამჩნევ მომხრეს, ეს პარტია ობიექტურად და მკაცრად გაეკრიტიკებინოს?.. ან ასეთი თუ მომხდარა: სახელოვნებო სექტის ავტორიტეტი ელიტური კონიუნქტურის წინააღნდეგ წასულიყოს და განეცხადებინოს: ,,ასე გაგრძელება არ შეიძლება – ეს პროვინციალიზმი და კარჩაკეტილობა გვანადგურებს, ხოლო კუტოკ-გარეშე ადამიანების ჩაგვრა უკიდურესი უზნეობაა?“. ასეთი სასწაული გსმენია?!.. ჰოდა, აბა, ამ ტოტალური ტყუილის სამეფოში და სიცრუის ერთგულ ქვეშევრდომებში, რომელ სამართალზე შეიძლება იყოს საუბარი?.. მაშ, რატომ უნდა გაინტერესებდეს ვიღაც დაბოღმილი თუთიყუშები და მათი ტყუილები?
სიცრუე ხშირად მიმიკრირებს და სიმართლის იერს იძენს, იმისთვის, რომ მისი მსგავსი გახდეს და ადამიანებმა დაიჯერონ. ტყუილი არის სიმართლის ერზაცი.
აი, ყველა ამბობს, ლიდერი არ არისო… ან მესამე ძალაო… სწორედ დღეს არის სახალხო ლიდერის გამოჩენის დრო! იქნება ის პოლიტიკოსი, ექიმი, დისტანციური განათლების სპეციალისტი, მოხალისე თუ კარანტინის რომელიმე ორგანიზატორი… ვისაც ლიდერობა სურს და ხალხის ნდობის მოპოვება, დღეს უკიდურესად აქტიური უნდა იყოს! სწორედ ასეთ პიროვნებას შეუძლია მასების ორგანიზება და წაყვანა – აი, ესაა სახალხო წინამძღოლი, თავგანწირული და მართალი და არა ტელევიზიებში გამჭრიახობით მოკეკლუცე პოლიტიკოსები. ამ გახსენებაზე, სად გაუჩინარდნენ ახალგაზრდა მეპროტესტეები?.. მაშ, მოვრჩეთ, დასკვნების დროა:
პირველი – მე: ,,ჩემო ზურა, სახელმწიფო ხომ იმისთვის არსებობს, რომ სუსტს დაეხმაროს და არა, პირიქით, ფეოდალების კიდევ უფრო გამდიდრების წყარო და უმწეო ადამიანების ჩაგვრის საშუალება იყოს… ჰოდა, რატომ უნდა გახდე სიძულვილის, სიცრუისა და მდიდრების კიდევ უფრო გაზულუქების მხარდამჭერი? რატომ უნდა მოიკლა თავი ვიღაცის ავადმყოფური ამბიციების დასაკმაყოფილებლად, რომ საკუთარ სიდიადეში შეყვარებულმა მორიგმა მანიაკმა სუსტი დღეს ჩაგროს ან ხვალ გახდეს მბრძანებელი?.. თან შენს ასაკში?“
მეორე – მე: ,,საქართველო ამათ გარეშეც ჩემია, არც წასვლას ვაპირებ სადმე… ამიტომ, უფროსი ერთი მყავს – იესო ქრისტე. ის არასდროს არ იტყუება და მუდამ ჩემზე ზრუნავს“.
P.S.
გაერთიანებული მე: ,,ჩვენთან დიდ დიღომში გაზაფხულია, მზე მათბობს და ცხოვრების იმედით მავსებს. ფანჯარა ღია მაქვს – ბუზები ჯერ არ გაცოცხლებულან… მე ასეთი გაზაფხული მომწონს, პარაზიტების გარეშე… თუმცა, ბუზიც ღვთის ქმნილებაა, ვირუსივით ბუნების შემადგენელი ნაწილია და იყოს, მე რაა, როო? ერთი კია, გულის ფანჯარას დავხურავ, რომ ვერ შემოფრინდეს…
ჩემო ზურაბ, რემარკი ამბობდა: ,,დაიბადო სულელი, არაა სირცხვილი, სირცხვილია, მოკვდე სულელად”. ასე რომ, მეგობარო, მხოლოდ სასარგებლო იდიოტის წოდების უნდა გრცხვენოდეს! ჰო, კარის მწერლებსა თუ ,,ნეიტრალურ” გამომძალველებს არც ვახსენებ, ისედაც ვიცი… ჰოდა, მიხედე შენს კლასტერს – წერე და იყავი… ახლა, ვინც პარტიული ნიშნით აფასებს მწერალს, მას თავისი გაჭირვება ეყოფა. ეგაა რა, მორჩა კინო“
ზ.ო. – 2020, აპრილი
ზურა ოდილავაძე, მწერალი; სოციალური ქსელი