სინოფობია – აშშ ჩინეთით გვაშინებს

ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ბოლო დღეების განმავლობაში ევროპისა და ცენტრალური აზიის არაერთ სახელმწიფოს ეწვია. მისი გზავნილების ძირითადი ნაწილი, ჩინეთის მიმართ სიფრთხილის მოწოდება იყო – იუწყება “ამერიკის ხმის” ქართულენოვანი რედაქცია.

ბრიტანეთში და ცენტრალური აზიის ყოფილ საბჭოთა სახელმწიფოებში მყოფმა პომპეომ არაერთხელ დაგმო ჩინეთში ადამიანის უფლებათა მდგომარეობა, გააკრიტიკა მისი აგრესიული სავაჭრო პოლიტიკა და მოუწოდა მასპინძელ ქვეყნებს, რომ ჩინურ ინვესტიციებთან და გავლენისგან ფრთხილად იყვნენ. გარდა ამისა, მან ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთი დამატებით საფრთხეს მის მიერ მაღალი სიჩქარის უკაბელო გადაცემის ტექნოლოგიების განვითარების გამოც წარმოადგენს.

პომპეოს გამოსვლებში კრიტიკა საკმაოდ პირდაპირი იყო. მან მას თანამედროვე ეპოქის უმთავრესი საფრთხე უწოდა. რა თქმა უნდა, პომპეოს კორონავირუსი არ უგულისხმია. ასეთი დონის პოლიტიკოსისგან გაჟღერებული ანტიჩინური განცხადება მოწმობს, რომ ამერიკის ხელისუფლებაში ჩინეთის სწრაფი განვითარება მართლაც დიდ შიშებს იწვევს. სხვა საქმეა, რომ ვაშინგტონი ამ შიშების თავს მოხვევას ცდილობს დანარჩენ მსოფლიოზე. ამას უკვე სინოფობია შეიძლება, დავარქვათ.

აქვე შეგახსენებთ, რომ უკრაინული გამოცემა “ენ ვე”-ს ცნობით, პომპეომ ერთ-ერთ დახურულ შეხვედრაზე კიევში აღიარა, რომ ყირიმი რუსეთმა სამუდამოდ წაიღო, რუსეთი იმ კატეგორიას არ განეკუთვნება, “რომელსაც რამეს დაათმობინებ”.