პარლამენტში შემოვედი, რათა კურდღლების დარბაზი დავათვალიერო. ეს უმრავლესობის სხდომა კი არა, პარლამენტში შემოპარვის ხერხია, – ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომას.
გოცირიძის თქმით, ეს უმრავლესობის სხდომის იმიტაციაა, რათა მათ “სირცხვილის კორიდორში” გავლა თავიდან აეცილებინათ.
“აქ შემოვედი, რათა დავათვალიერო დარბაზი, რომელიც კურდღლების თავშესაფარია. პლენარული სხდომა 14:00 საათზე იწყება, ესენი კი დილის 09:00 საათზე მოვიდნენ და უმრავლესობის სხდომის იმიტაცია შექმნეს. ეს უმრავლესობის სხდომა კი არა, პარლამენტში შემოპარვის ხერხია, რომ „სირცხვილის კორიდორში“ გავლა თავიდან აიცილონ. ისინი „სირცხვილის კორიდორს“ გადიან ყოველდღე ოჯახში, მეგობრებში, სანათესაოში, ქუჩაში… „სირცხვილის კორიდორი“ არის მათი სიმბოლური შეურაცხყოფა, ვინაიდან მათ ხალხი მოატყუეს. დღეს მათი ამ დარბაზში ჩაკეტვა იმას ნიშნავს, რომ მათ გარეთ არ გამოესვლებათ. როდემდე იქნებიან ჩაკეტილები? ყოველდღე ვივლით აქ, ყოველდღე იქნება ზეწოლა, როგორც საერთაშორისო, ისე ქვეყნის შიგნით. ვერ გაუძლებენ ამ ზეწოლას. იძულებული იქნებიან შეასრულონ დანაპირები. წინააღმდეგ შემთხვევაში “ქართული ოცნება” არჩევნებამდე მივა ჩამოშლილი. ჩვენ გვინდა, რომ ხელისუფლებამ დანაპირები შეასრულოს და არჩევნებამდე მივიდეთ მშვიდად,”- განაცხადა გოცირიძემ.