შარლ მიშელის ახალ წინადადებას მმართველი პარტია, იმედია, ხელს არ მოაწერს

მმართველი პარტია  „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შეთავაზებულ ახალ დოკუმენტს, სავარაუდოდ, ხელს არ მოაწერს, ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა  ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

გუშინ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას  ახალი, ხუთპუნქტიანი შეთანხმება შესთავაზა. შეთანხმება  მისი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ 31 მარტს წარდგენილ დოკუმენტში აზუსტებს ორ ძირითად შეუთანხმებელ პუნქტს – პოლიტიზებულ მართლმსაჯულებასა და ვადამდელ არჩევნებს.

ოპოზიციის ლიდერების თქმით, მათი უმრავლესობისთვის დოკუმენტი მისაღებია, რადგან მოიცავს პოლიტპატიმრების – ნიკა მელიას და გიორგი რურუას – გათავისუფლების საკითხს, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების საკითხს, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა სულ მცირე 43% უნდა მოიპოვოს. წინააღმდეგ შემთხევაში (თუ მმართველი პარტია 43%-ზე ნაკლებს აიღებს) ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.

რაც შეეხება მმართველი გუნდის პოზიციას, ქადაგიშვილის განცხადებით,  შარლ მიშელის ახალი წინადადება მათთვის მისაღები არ არის.  მისი განმარტებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ეგიდით წარდგენილ წინა დოკუმენტზე მმართველმა პარტიამ ხელმოწერა უკვე დააფიქსირა, ახალ შეთანხმებაში კი მათთვის მიუღებელი პუნქტებია.

„ჩვენ მოვაწერეთ დოკუმენტს ხელი, რომელიც ხანგრძლივი განხილვის შედეგი იყო. იმ დოკუმენტში საერთოდ არაფერი იყო ნათქვამი ე.წ.  პროცენტებზე და არანაირი ბმა არ არსებობდა რაიმე კუთხით რიგგარეშე არჩევნებთან“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ თავისი ინიციატივით განაცხადა, რომ თუ თვითმართველობის არჩევნებში 40%-ს ვერ აიღებდა, არჩევნების ჩატარებაზე ოპოზოციის მოთხოვნას დათანხმდებოდა.

 

„ჩვენ, ალბათ, დავრჩებით იმ პოზიციაზე, რაც ჩვენი ინიციატივით გამოვხატეთ და არავის არ უთხოვია ჩვენთვის არც 43% და არც 25%. ამიტომაც ერთ ან ორ პროცენტზე ვაჭრობა ცოტა უხერხულად მეჩვენება“, -აღნიშნა უმრავლესობის წევრმა.

რაც შეეხება მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულ საკითხს,  ქადაგიშვილის განმარტებით,  მმართველმა პარტიამ დააფიქსირა პოზიცია, რომ 20 ივნისის მოვლენების გარშემო პოლიტიკური ამნისტია შედგება, თუ ნიკა მელია გირაოს გადაიხდის.

შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებული ახალი დოკუმენტის მიხედვით, „ქართული ოცნების“ 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების შესაბამისად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება“  მიიღებს  პროპორციული ხმების 43% -ზე ნაკლებს.

გიორგი ვაშაძე: „ავიღებ გასაღებს, გადავკეტავ კარს, გასაღებს გადმოგიგდებთ…“>>>

ასევე, აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, შეთანხმების გაფორმებიდან ერთ კვირაში მხარეებმა პოლიტიზებულად აღქმული ორი საქმე უნდა განიხილონ.  კერძოდ, პარლამენტში წარმოდგენილი მხარე მოახდენს ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირებას 2019 წლის 19-21 ივნისის საპროტესტო აქციებით გამოწვეული ყველა დარღვევისა და მსჯავრდებულისთვის. ასევე,  პარლამენტმა პოლიტიზებული მართლმსაჯულების აღქმის პრობლემა კანონმდებლობის საშუალებით უნდა გადაწყვიტოს და საჭიროების შემთხვევაში შეიტანოს ცვლილებები რეგლამენტში.

16 აპრილს მმართველმა პარტიამ საჯაროდ ცალმხრივად მოაწერა ხელი დოკუმენტს პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად, რომელიც ხელისუფლებას და ოპოზიციაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა შესთავაზა. დოკუმენტი ითვალისწინებს სისტემური საარჩევნო რეფორმების გატარებას, ცვლილებებს მართლმსაჯულების სფეროში, ასევე პარლამენტში უფლებამოსილებების გადანაწილებას.

 

“სპუტნიკი”