თუ არ დათანხმდებით გერმანულ მოდელს, ქვეყანაში ქვა-ქვაზე არ დარჩებაო – წულუკიანი ბოკერიას მუქარაში ადანაშაულებს

იუსტიციის მინისტრი, ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი ირწმუნება, რომ ხელისუფლებასთან ერთ-ერთ შეხვედრაზე ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია, “ქართულ ოცნებას” ემუქრებოდა:

“მე დავარღვევ შეთანხმებას და ვიტყვი, რა იყო ნათქვამი მოლაპარაკების მაგიდასთან, სადაც ბატონი ბოკერია თითს აქნევდა და ამბობდა, რომ თქვენ თუ არ დათანხმდებით გერმანულ მოდელს, ქვეყანაში ქვა-ქვაზე არ დარჩება, იქნება ერთი ამბავი და ოდირში გავაგზავნით ჩვენს პროექტსო. მე მას ვუთხარი, რომ ოდირი არ ამოწმებს ამა თუ იმ კანონის კონსტიტუციურობას, რაზედაც მან წამოიწყო ქირქილი. დღეს ოდირი თვითონ ეუბნება ბატონ ბოკერიას, რომ მე არ ვარ ის ორგანო, რომელიც შეამოწმებს კონსტიტუციურობას, ეს სამარცხვინოაო.

სამარცხვინოა იმით, რომ ოპოზიციამ აჩვენა საკუთარი უცოდინრობა და ძალიან სამარცხვინოა რომ ოდირს მოუწია დამოუკიდებელი საქართველოს ოპოზიციისთვის იმის შეხსენება, რომ საქართველო სუვერენული ქვეყანაა.

სამწუხაროდ, ოპოზიციამ ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა სახალხო დამცველი, რომელსაც ოდირში გააგზავნინა ეს წერილი”- განაცხადა წულუკიანმა.