ქართველი, თავისი ქართული გვარით, მილიარდებს მხოლოდ რუსეთში თუ იშოვის! – გაიცანით კიდევ ერთი ქართველი მილიარდერი

საბჭოთა კავშირში მაღალი ცხოვრების დონიდან ქვესკნელში დანარცხებულ ქართველობას (თან ამ დანარცხებისას “გაუმარ-ჯოოს, -ჯოოოს” რომ აძახებინეს) ერთი ნუგეში დარჩენია – თავისი მილიარდერების სიმდიდრეებით გაიხაროს, ყვითელ მასმედიაში ბერა-ბერუკების ამბები გაიგოს, დანარჩენი მოსახლეობის ანუ საკუთარი თავი კი ჯანდაბას წაუღია.

საინტერესო აქ ის არის, რომ არც ერთ ქართველ მილიარდერს – აწ განსვენებული ბადრი პატარკაციშვილით დაწყებული, გაგრძელებული ბიძინა ივანიშვილით და სასრულებული დღევანდელი სიუჟეტის გმირით, დიდი ფული, რუსეთის გარდა, არსად უშოვია. ქართველმა, გამონაკლისის შემთხვევაში, რამდენიმე მილიონი დოლარი თუ ევრო, შეიძლება, სხვა ქვეყნებშიც იშოვოს (თუნდაც საცოდავი საქართველო რამდენის “იწველება”, უამრავი მილიონერი გვყავს ქვეყნის შიგნით, პარლამენტს მაინც შეხედეთ…), მაგრამ მილიარდი არასოდეს უშოვია და, როგორც ჩანს, კარგა ხანს ვერ იშოვის. მილიარდერი, თანაც ისე, რომ შენი ქართული გვარი შეინარჩუნო, მხოლოდ რუსეთშია შესაძლებელი. ამერიკელი არასოდეს აღიარებს და არ აღიქვამს შენს ქართულ გვარს, იქ ისევე უნდა გადაიკეთო გვარი დასავლურ ყაიდაზე, როგორც, მაგალითად, საბერძნეთში აიძულებენ იქ ინტეგრირებულ ქართველებს საკუთარ ქართულ გვარზე უარის თქმას.

და აი, კიდევ ერთი სასიხარულო ცნობა დამშეული საქართველოსთვის – “ბპნ” გვამცნობს, რომ “ფორბსის” მილიარდერების რეიტინგში კიდევ ერთი ქართველი გაჩნდა. რაღა გვიჭირს! მაგრამ თანამემამულის წარმატება მაინც სასიხარულოა. ვნახოთ ამ პიროვნების ვინაობა და მისი განვლილი გზა.

ქართველი, რომლის ქონება თითქმის 4 მილიარდად ფასდება, საკმაოდ ახალგაზრდაა – ესაა ყაზახეთში მოღვაწე ბანკირი მიხეილ ლომთაძე.

მიხეილ ლომთაძე საქართველოში, ქ. ბათუმში 1975 წლის 17 ოქტომბერს დაიბადა. ბაკალავრის ხარისხი თბილისში, საქართველოს მენეჯმენტის ევროპულ სკოლაში მიიღო, შემდეგ კი სწავლა ამერიკის შეერთებული შტატების ჰარვარდის ბიზნესსკოლაში განაგრძო, რომელიც 2002 წელს მაგისტრის MBA ხარისხით დაასრულა.

ლომთაძე ყაზახეთში სხვადასხვა საქველმოქმედო აქციებში აქტიურად არის ჩართული, ასევე ბევრ სოციალურ აქტივობებს ახორციელებს.

მიხეილ ლომთაძემ ბიზნესმოღვაწეობა საქართველოში დაიწყო, სადაც კონსალტინგური კომპანია „ჯი-სი-ჯი აუდიტი“ დააფუძნა და მისი ხელმძღვანელობა ითავა. 2002 წელს ეს კომპანია „ერსტ ენდ იანგის“ შემადგენელი ნაწილი გახდა.

2002 წლიდან მიხეილ ლომთაძემ რუსეთში, „ბეარინგ ვოსტოკ კეპიტალ პარტნერსში“ დაიწყო საქმიანობა, სადაც საინვესტიციო პროექტების მენეჯერის პოსტი დაიკავა, 2004 წლიდან ამ კომპანიის პარტნიორიც გახდა. 2003-2005 წლებში იყო ვენჩურული ინვესტირების რუსული ასოციაციის თავმჯდომარე. 2003 წლიდან ლომთაძე რუსეთის წამყვანი ლიზინგური კომპანია, „ეუროპლანის“ დირექტორთა საბჭოს წევრი, მოგვიანებით კი მისი თავმჯდომარე გახდა, ხოლო 2005 წლიდან – საბანკო პროგრამული მოწყობილობის წამყვანი კომპანია, „ფინანსური ტექნოლოგიების ცენტრის“ დირექტორთა საბჭოს წევრი.

„ბეარინგ ვოსტოკ კეპიტალ პარტნერსი“ დსთ-ის სივრცესა და რუსეთში საკმაოდ ცნობილი კომპანიაა, რომელიც პირდაპირი ინვესტიციების მართვის სფეროში მოღვაწეობს.

ყახაზეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი – „კასპი ბანკი“ 1991 წელს შეიქმნა. თავდაპირველად, მისი სახელწოდება „ალ ბარაკა ყაზახსტანი“ იყო. 1997 წელს მან სახელი შეიცვალა და „კასპიისკი ბანკი“ გახდა. 2008 წლის 18 ნოემბრიდან ამ სტრუქტურაში კიდევ ერთხელ განხორციელდა რებრენდინგი და მას „კასპი ბანკი“ ეწოდა.

ლომთაძე ყაზახურ ბანკს Kaspi-ის 2008 წლიდან ხელმძღვანელობს. აღმასრულებელმა დირექტორმა ბანკში მისვლისთანავე ბევრი რეფორმა გაატარა, დაიწყო ინოვაციური ეკოსისტემის დანერგვა, რომელიც კლიენტს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი ფინანსების განკარგვის გარდა, გადაიხადოს გადასახადები, შეიძინოს პროდუქცია ინტერნეტ-მაღაზიებში, შეადაროს ფასები ერთმანეთს და ისარგებლოს ლოიალურობის პროგრამით.

2009 წლიდან ბანკის მთავარი აქციონერი გახდა ჰოლანდიური კომპანია „კასპიან გრუპ ბ.ვ.“

აი ასე და ამრიგად, დასავლური განათლების მიღების შემდეგ, დიდი ფული ლომთაძემ არა დასავლეთში, არამედ რუსეთში იშოვა, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ ყაზახეთში კი, რუსული გამოცდილებით, როგორც იტყვიან, ფრთები გაშალა.

იმედია, ახსოვს ქართველ მილიარდერს ეს გარემოება და რაღაცით მაინც დაეხმარება თავის ისტორიულ სამშობლო საქართველოს, დაალაგოს ურთიერთობები რუსეთთან და დანარჩენ ქართველებსაც მისცეს საშუალება, მილიარდები არა, მაგრამ საკუთარი თავი ირჩინონ დიდი რუსი მეზობლის დახმარებით!

მეტი არაა ჩვენი მტერი, ეს გაკეთდეს, მაგრამ სასურველი მაინც ვისურვოთ…