უნივერსიტეტი-ბაგების დამაკავშირებელი საბაგირო ხაზი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით, ყველა სტუდენტს უფასოდ მოემსახურება.
საბაგირო ხაზი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივ და განივ კორპუსებსა და ბიბლიოთეკას აკავშირებს ბაგებთან. მისი სიგრძე 320 მეტრია და მასზე მოძრავ თითო ვაგონს 40 ადამიანის გადაყვანა შეუძლია. მგზავრობის ხანგრძლივობა 4 წთ-ს არ აღემატება.
საბაგირო ხაზის პირველი მგზავრები თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ქალაქ თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ვიქტორ წილოსანი, თსუ კანცლერი ლაშა საღინაძე და სტუდენტები იყვნენ.
„ძალიან კარგია, რომ საბაგირო ხაზი აღდგა. მას შემდეგ, რაც სწავლა სრული მასშტაბით განახლდება, გაიზრდება საბაგიროთი მგზავრობაზე მოთხოვნაც. თსუ სტუდენტები უფასოდ ისარგებლებენ ამ სერვისით.
დამასთან, საბაგირო ხაზი თსუ-ს მწვანე კონცეფციის განვითარების ნაწილსაც წარმოადგენს. ტრანსპორტის ეს სახეობა ეკოლოგიურად სუფთაა და ამდენად, ჩვენ ვზრუნავთ ბუნებაზე. დიდი მადლობა ქალაქის მერიას, ტრანსპორტის სააგენტოს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ინიციატივის აღსრულებაში წვლილი შეიტანა,“– აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.
ქალაქ თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის ვიქტორ წილოსანის თქმით, თსუ-სთან თანამშრომლობით გახსნილი საბაგირო გაზი თბილისის მერიის ერთიანი სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილს წარმოადგენს.
„ბაგები-მაღლივის დამაკავშირებელი საბაგირო სტუდენტებს უფასოდ მოემსახურება. ჩვენი პოლიტიკის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებაში“- განაცხადა ვიქტორ წილოსანმა.
თსუ კანცლერის ლაშა საღინაძის ინფორმაციით, უნივერსიტეტი-ბაგების დამაკავშირებელი საბაგირო ხაზით თსუ სტუდენტებთან ერთად, სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც უფასოდ იმგზავრებენ.
„უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი საბაგირო გზის გახსნა თსუ-ს ხელშეწყობით განხორციელდა. თსუ-მ თბილისის მერიას მიწის ნაკვეთი გადასცა, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდა საბაგირო გზის ამუშავება. ჩვენი თხოვნა იყო, რომ ყველა სტუდენტისთვის მგზავრობა ყოფილიყო უფასო, რაც მერიამ გაითვალისიწინა,“- აღნიშნა ლაშა საღინაძემ.
საბაგიროთი უკვე იმგზავრა თსუ სტუდენტმა ქრისტინა ქურციკიძემ.
„საბაგირო ჩვენთვის, სტუდენტებისთვის ძალიან ხელსაყრელია. მე პირადად აუცილებლად ვისარგებლებ ტანსპორტის ამ საშუალებით, რადგან ხშირად მიწევს ბაგებიდან უნივერსიტეტის განივ კორპუსში გადასვლა. ეს ამბავი ნამდვილად სასიხარულოა სტუდენტებისთვის,“- აღნიშნა ქრისტინა ქურციკიძემ.
ახალი საბაგირო ხაზით სარგებლობას მოსახლეობა ყოველდღე, 08:00-დან 20:00 საათამდე შეძლებს. ერთი საათის განმავლობაში, საბაგირო ცალმხრივი მოძრაობისას 600 მგზავრის გადაყვანას უზრუნველყოფს.
“ნეტგაზეთი”