სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი, რომელმაც დღეს სკანდალური განცხადება გააკეთა გადაცემა “რეაქციაში” და თქვა, რომ სააკაშვილი და მერაბიშვილი ტერორიზმის ბრალდებით უნდა იყვნენ დაკავებულები, იგივე გადაცემაში პოლიტიკაზე და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზეც საუბრობს:
“ადამიანები მონაწილეობენ მოლაპარაკებებში და კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე დევს… 20 ივნისის ამნისტიას რომ ვაპირებთ, ჩავთვალოთ, რომ 26 მაისი არ იყო არანაირი პრობლემა, 7 ნოემბერი ჩავთვალოთ, რომ არ იყო არანაირი პრობლემა, ბოდიში მოვუხადოთ ვანო მერაბიშვილს, რომ ციხეში იჯდა და გამოვცეთ ამნისტია, ტერორისტულ საქმეზეც გამოვცეთ…
თქვენ გიკვირთ და ეჭვი გეპარებათ იმაში რომ უწყებებში არიან ვანო მერაბიშვილის მიმდევრები? და 41-იანი მაისური რომ აცვიათ, იმის ქვეშ არ აცვიათ წითელი მაისური და 5-იანი არ ახატიათ? შეიძლება ტატუც ეხატოს… ძალიან ბევრი მაღალი თანამდებობის პირია, უმაღლეს თანამდებობეზეც არიან, რომლებიც იმ დროს მისტირიან, მიუხედავად იმისა, რომ “ქართულმა ოცნებამ” დააწინაურა…
მინდა ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი, ჩვენი ხალხი იმსახურებს სიმართლის ცოდნას. შეხვედრაზე დადიან პოლიტიკოსები, ქვეყნის ბედზე მსჯელობენ და ხალხს არ ეუბნებიან რაზე ლაპარაკობენ, ეს საერთოდ წარმოუდგენელია, რას ნიშნავს? ჩემი არჩეული ხარ, მიდიხარ შეხვედრაზე ფასილიტატორებთან ერთად, გამოდიხარ და იძახი, ვერ გეტყვი რაზე ვლაპარაკობ, რომელ ქვეყანაზე ლაპარაკობ – მანჯურიაზე საუბრობ? საქართველოს ბედზე არ საუბრობ? ხალხმა უნდა იცოდეს სიმართლე არამხოლოდ “ნაცმოძრაობაზე”, სხვა პარტიებზეც. მე მივეხმარები ქართველ ხალხს და ვიტყვი, ვინ რომელი სპეცსამსახურებიდან იმართება, ვისგან იღებს თანხებს და ვისი მართულია. დამთავრდეს უნდა ეს ბაირამობა, ამოიყვანეს ხელში, ხალხი გაუბედურებულია და ესენი ტაშფანდურას მართავენ…”