ტელეწამყვანმა გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) გადაცემაში კიდობანი განაცხადა:
-„ვახო სანაიამ ჩემს მიმართ ფეისბუქზე ძალიან დიდი შეურაცხყოფა განახორციელა. თუმცა, დავრწმუნდი იმ ბიჭების მისამართით რა იყო, – პროვოცირებას აკეთებს ჩემსასაც, ასე ჰგონია. ანალოგიური საქციელი აქვს ჩადენილი იმ ბიჭების მიმართაც.
მასთან საქმე არ მაქვს, მე საქმე მაქვს პროკურატურასთან და სასამართლოსთან, თორემ ამ ქინძისთავთან არაფერი მესაქმება. ამიტომ, ჩემო ვახო, თავს ნუ გადაიღლი, იყავი წყნარად, დაელოდე პროცესებს, ფრთხილად იყავი, უკან არ შეგიტრიალდეს ეს ცილისწამება და ციხეში არ ამოყო თავი, ამას გაფრთხილებ მე! ძალიან გამწარებული ხარ, ტყუილებში იწვები, რთულადაა შენი საქმე. იცი, რომ თუ არ დაუმტკიცდებათ ეს ამბავი ამ ადამიანებს, როგორც მორალური, ასევე ბევრი რამის გადახდა მოგიწევს. ასე, რომ დაწყნარდი – არავინ აპირებს შენთან პოლემიკას და ხელით შეხებას!“
გია გაჩეჩილაძე ტელეწამყვან ვახო სანაიაზე თავდამსხმელების გათავისუფლებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აქციების ჩატარებას აპირებს.
ვახო სანაიასა და მის ოჯახს 25 თებერვალს, გვიან ღამით, თავს დაესხნენ. ჟურნალისტმა თავდასხმის შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო, დაშავდა მისი რძალიც. ჟურნალისტი დაზარალებულად 26 თებერვალს ცნეს. საქმეზე ბრალდებულ სამი პირს, სულიკო საყევარაშვილს, გიორგი სახელაშვილსა და ვაჟა გიგაურს მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა.
მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.