აზერბაიჯანის პოლიტიკური პარტიები ბაიდენის პოზიციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

აზერბაიჯანში მოქმედმა 48 პოლიტიკურმა პარტიამ აშშ-ის პრეზიდენტის პოზიციასთან დაკავშირებით ე.წ. „სომხების გენოციდის“ აღიარების შესახებ განცხადება გაავრცელა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

„სომხეთის სახელმწიფოებრიობა, ისტორიულად, ფალსიფიკაციის საფუძველზე, ყოველთვის მიმართავდა სხვადასხვა პროვოკაციას. ათწლეულების განმავლობაში სომხური პროპაგანდისტული მანქანა და მათი მფარველები ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ ოსმალეთის იმპერიამ სომეხთა მიმართ გენოციდი განახორციელა და ამაში მთელი მსოფლიო დაერწმუნებინათ. სიმართლე ისაა, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს ბევრი სომეხი დაიღუპა კონფლიქტების, შიმშილისა და დაავადებების გამო. მათ მიზანმიმართულად დაივიწყეს ის ფაქტი, რომ იმ პერიოდში უფრო მეტი თურქი დაიღუპა, ვიდრე სომეხი.

თუ მიზანი ისტორიული ფაქტების ობიექტურად შესწავლაა, მაშინ პოლიტიკური მიზნებისთვის ისტორიული რეალობა არ უნდა დამახინჯდეს, ეს საქმე განსახილველად ამ სფეროში სპეციალიზებულ საერთაშორისო კვლევით ინსტიტუტებსა და ცნობილ ისტორიკოსებს უნდა გადაეცეთ. თურქეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ მზად არის ისტორიკოსებისთვის საკუთარი არქივები გახსნას და შესთავაზა გაერთიანებული კომისიის შექმნა სიმართლის გასარკვევად.

ოფიციალური ერევნის მზაკვრული პოლიტიკის მიღმა დგას ისეთი აბსურდული მოთხოვნები, როგორიცაა მათთვის ზიანის ანაზღაურება და თურქეთის ტერიტორიის ნაწილის სომხეთისთვის გადაცემა. თურქეთის აღმოსავლეთის პროვინციების სომხურ ლიტერატურაში “დასავლეთ სომხეთის” სახელწოდება ემსახურება ამ პრეტენზიების ფორმალიზებას.

სომხეთის ექსპანსიონისტური პოლიტიკა, რომელიც მიზნად ისახავდა ისტორიული ფაქტების გაყალბებას, მრავალი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა არა მხოლოდ თურქეთის, არამედ აზერბაიჯანის წინააღმდეგაც. მხოლოდ 1918 წლის მარტის გენოციდის დროს 12 ათასზე მეტი მუსლიმი თურქი მოკლეს. მრავალი მათგანის ცხედარი ნაპოვნი არ არის. მე-20 საუკუნის კიდევ ერთი ტრაგედია ხოჯალის გენოციდია. 1992 წლის 26 თებერვალს სომხურმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა ქალაქ ხოჯალიში, რომელშიც 7 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, სასტიკი დანაშაული ჩაიდინეს. ყველა ეს მოვლენა ერთ-ერთი უმძიმესი დანაშაულია, რომელიც მიმართულია არა მხოლოდ აზერბაიჯანელი ხალხის, არამედ მთელი კაცობრიობის წინააღმდეგ. მრავალი წლის განმავლობაში ამ დანაშაულებებს, რომლებიც აგრესიული სომხეთის პოლიტიკის აშკარა განსახიერებაა, არ მიუღიათ პოლიტიკური და იურიდიული შეფასება, რაც ორმაგი სტანდარტების მტკიცებულებას წარმოადგენს.

ბოლო პერიოდში მსოფლიო დღის წესრიგში ე.წ. “სომეხთა გენოციდთან” დაკავშირებული საკითხის წინ წამოწევა არა მხოლოდ სომხეთისა და სომხური ლობის, არამედ გლობალური ძალების მიზანიც იყო, რომლებსაც რეგიონთან დაკავშირებით იმპერიალისტური ინტერესები ამოძრავებთ. “სომხური გენოციდის” კონცეფცია მხოლოდ პოლიტიკური ზეწოლის საშუალება და ორმაგი სტანდარტების პოლიტიკის მანიფესტაციაა. კარგი იქნება, თუ “ისტორიული ჭეშმარიტების” ძიების ძალები მოითხოვენ ანგარიშს, რომელიც ცენტრალურ ანატოლიაში სომეხი ნაციონალისტების მიერ ჩადენილ სასტიკ მკვლელობებს აღწერს.

აზერბაიჯანში მოქმედი პოლიტიკური პარტიები აცხადებენ, რომ ისინი მხარს ყოველთვის უჭერდნენ ძმურ თურქეთს და მკაცრად გმობენ აშშ-ს პრეზიდენტის პოზიციას ე.წ. “სომხების გენოციდის” მიმართ, რომელიც ავადმყოფ სომეხთა იდეალებს ზრდის. ასეთი მიდგომები, რომლებიც შემწყნარებლობას იწვევს ქვეყნებსა და ხალხებს შორის, საფრთხეს უქმნის ცალკეული რეგიონების და მთლიანად კაცობრიობის მდგრად მშვიდობიან განვითარებას”, – ვკითხულობთ აზერბაიჯანის პოლიტიკური პარტიების ერთობლივ განცხადებაში.

შეგახსენებთ, 24 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ოსმალეთის იმპერიის მიერ პირველი მსოფლიო ომის დროს სომეხი მოსახლეობის გენოციდი ოფიციალურად აღიარა. აღნიშნულთან დაკავშირებით, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-ის ელჩი დაიბარეს.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ანკარა უარყოფს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებას ოსმალეთის იმპერიის მიერ სომხების გენოციდის აღიარების შესახებ.