ინდოეთში მეხუთე დღეა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული რაოდენობა ფიქსირდება. კერძოდ, გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსის 314,835 შემთხვევა გამოვლინდა. მეცნიერები ჯერ კიდევ იკვლევენ უკავშირდება თუ არა ვირუსის შემთხვევების რაოდენობა ახალ მუტაციას.
|როდის აღმოაჩინეს კოვიდის ინდური ვარიანტი
კოვიდის ახალმა, ინდურმა შტამმა მეცნიერების ყურადღება ჯერ კიდევ მარტში მიიპყრო. კერძოდ, 24 მარტს ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მაჰარაშტრას შტატში კოვიდის ახალი შემთხვევების რაოდენობამ 15%-20%-ით იმატა. განცხადებაში ასევე აღნიშნული იყო, რომ ვირუსის ახალი, ინდური ვარიანტი, რომელსაც B.1.617 სახელით მოიხსენიებენ, ორ უჩვეულო მუტაციას, E484Q და L425R-ს შეიცავს.
|რამდენად საშიშია ინდური ვარიანტი
Public Health England-ის განცხადებით, მეცნიერები ინდური შტამის კვლევის პროცესში არიან. ისინი ცდილობენ დაადგინონ რამდენად საშიშია ინდური მუტაცია სხვა შტამებთან შედარებით, ვრცელდება თუ არა სწრაფად, რამდენად მომაკვდინებელია და მოქმედებს თუ არა ვაქცინების ეფექტურობაზე.
არსებული ინფორმაციით, L452R მუტაცია, რომელსაც ინდური შტამი შეიცავს, შესაძლოა, ვირუსს ანტისხეულებისგან თავის დაღწევაში დაეხმაროს, ხოლო, მეორე E484Q-ი მსგავსია E484K-ის მუტაციის, რომელსაც სამხრეთ აფრიკული ვარიანტი შეიცავს და რომელიც ვირუსს ვაქცინების მიმართ ნაწილობრივ რეზისტენტულს ხდის. თუმცა, დაზუსტებით ჯერჯერობით არაფრის თქმა არ შეგვიძლია.
|ეფექტურია თუ არა ვაქცინები ინდური შტამის მიმართ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ამ დროისთვის ინდოეთში არსებული ორივე ვაქცინა კორონავირუსის ინდური ვარიანტების წინააღმდეგ ეფექტურია.
“ორმაგი, სამმაგი მუტაცია, ძირითადად მედიის მიერ მოგონილია, არ შეიძლება, ვიანგარიშოთ ასე, ორმაგად, სამმაგად, ჩვეულებრივი მუტაციებია. ორი ვარიანტია ახლა – 617 და 618, მათი ნომრებია, კიბატონო, მათში მეტი მუტაციაა, ვიდრე ეს იყო ბრიტანულ შტამში, მაგრამ ძალიან საინტერესო კვლევა გამოქვეყნდა. მოგეხსენებათ, ინდოეთში გამოიყენება ორი ვაქცინა, ისეთივე ტიპის ვაქცინა, როგორიც არის ვთქვათ „სინოფარმი“ და „სინოვაკი“, ანუ დახოცილი ვირუსისგან გაკეთებული ვაქცინა და მეორე – „ასტრაზენეკას“ ვაქცინა, რომელსაც ინდოეთი უშვებს. ახლა გამოქვეყნდა ჩვენი ინდოელი კოლეგების პუბლიკაცია, რომელიც აღნიშნავს, რომ ორივე ეს ვაქცინა ინდურ ვარიანტებზე მუშაობს. აქედან გამომდინარე, ისმის კითხვა, ინდოეთში ამდენი ადამიანი აიცრა და მაინც რატომ არის ასეთი მდგომარეობა? ინდოეთში რომ აიცრება 100 მილიონი კაცი, ეს იგივეა, საქართველოში რომ აიცრება 3 000 კაცი, მოსახლეობაზე უნდა გადავიანგარიშოთ. ინფექციის გავრცელების მხრივ პრობლემას ხსნის ის ქვეყანა, ვისაც თავისი მოსახლეობის 60 პროცენტი უკვე ჰყავს ორჯერადად აცრილი, მაგალითად, ისრაელი. ინდოეთში, თუარ ვცდები, სულ აცრილია მოსახლეობის 6 პროცენტი, მერე რა რომ ეს არის ათეულ მილიონობით ადამიანი, ეს ძალიან ცოტაა ინდოეთისთვის. ამიტომ, ინდოეთმა შეწყვიტა ქვეყნის გარეთ ვაქცინების გატანა, ეს პრობლემაა მთელ მსოფლიოში, ბევრი ვაქცინა არ არის მსოფლიო ბაზარზე, ქვეყნები, რომლებსაც თავისი პრობლემები აქვთ მოსაგვარებელი, ჯერ თავის თავს ვერ აკმაყოფილებენ. ინდოეთში მოცირკულირე შტამების წინააღმდეგ ვაქცინა მუშაობს, ორივე ის ვაქცინა, რომელიც დღეს არის ინდოეთში” – განაცხადა იმნაძემ.
|ცირკულირებს თუ არა ინდური შტამი საქართველოში
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ინდური შტამი ჯერჯერობით საქართველოში არ ცირკულირებს, ხოლო რომელი შტამებიც ქვეყანაშია მათზე ვაქცინები სრულად მოქმედებს.
„ინდურ შტამთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, ამიტომაც საქართველომ და მთელმა რიგმა ქვეყნებმა დააწესეს შესაბამისი შემზღუდავი ღონისძიებები ინდოეთიდან მომავალ მგზავრებზე, მაგრამ, ძალიან გთხოვთ, აჟიოტაჟს ნუ შევქმნით, ეს არის ჩვეულებრივი მუტირებული შტამი. ინდოეთში ჯერ არ იციან, ეს შტამი პრევალირებს, თუ იგივე ბრიტანული შტამია, რომელიც ყველგან ცირკუილრებს დღეს, მათ შორის ჩვენთან დღეს თითქმის სულ ბრიტანული შტამია, ისევე როგორც ევროპაში და ყველა ეს შტამი ჯერჯერობით ემორჩილება იმ ვაქცინებს, რომლებიც დღეს ადმინისტრირდება, რა თქმა უნდა, მეტ-ნაკლები ეფექტურობით” – განაცხადა გამყრელიძემ.
ამჟამად კოვიდის ინდური შტამით (B.1.617) ინფიცირების შემთხვევები დადასტურებულა გერმანიაში, ბელგიაში, დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, სინგაპურსა და ავსტრალიაში.
წყარო: მომზადებულია DW-სა და Guardian-ის მიხედვით