ვაშინგტონის ზოგიერთი მოღვაწის საუბარში შიზოფრენიული ნოტები გაჟღერდა – სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვმა რუსულ სააგენტო „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში ამერიკელი მაღალჩინოსნების განცხადებას, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების თაობაზე, „შიზოფრენია“ უწოდა და ამის მაგალითად თეთრი სახლის წარმომადგენლის ჯენ ფსაკის განცხადება დაასახელა.

„სადღაც გაჟღერდა კიდეც შიზოფრენიული ნოტები ვაშინგტონის ზოგიერთი მოღვაწის საუბარში. ცოტა ხნის წინ, თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთთან მიმართებით გაგრძელდება სანქციები, რომ სანქციები იძლევა იმ ეფექტს, რომელზეც იმედებს ამყარებდა ვაშინგტონი და რომ სანქციების მიზანია დაძაბულობის შემცირება აშშ-სა და რუსეთს შორის“, – განაცხადა ლავროვმა.

„ვიმედოვნებ, ყველა ხვდება, რომ ასეთი სახის განცხადებები ღირსებას არ მატებს მათ, ვინც თეთრ სახლში მსგავს პოლიტიკას უჭერს მხარს“, – აღნიშნა ლავროვმა.

მანვე კომენტარი გააკეთა ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შესაძლო შეხვედრის შესახებ და აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის რუსეთის პრეზიდენტის შესახებ გაკეთებული სკანდალური განცხადების მიუხედავად, სამიტის გამართვის შესახებ იდეა რუსეთში პოზიტიურად არის აღქმული.

„თქვენ იცით, პრეზიდენტ პუტინს როგორი რეაქცია ჰქონდა აშშ-ის პრეზიდენტის შეთავაზებაზე შეხვედრის გამართვის შესახებ: „ჩვენ ეს პოზიტიურად აღვიქვით. გვსურს გავიგოთ ამ ინიციატივის ყველა ასპექტი, რომლის შესწავლითაც ახლა ვართ დაკავებული“, – განაცხადა ლავროვმა.