„ისე არ მოხდეს, ყველა პარლამენტში შევიდეს და მე გარეთ დავრჩე“, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა გუბაზ სანიკიძემ ჯერ კიდევ თვეების წინ განაცხადა, როცა საპარლამენტო ბოიკოტი იწყებოდა და ოპოზიცია პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობდა.
ექვსი თვის შემდეგ მოვლენები მართლაც ისე განვითარდა, რომ 27 აპრილს ოპოზიციონერი დეპუტატების დიდი ნაწილი პარლამენტში ვიხილეთ, მათ შორის კი გუბაზ სანიკიძე არ იყო.
„პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ აღნიშნულ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ, გუბაზ სანიკიძე აცხადებს, რომ “კასანდრას წყევლის ქვეშაა”.
„ძველი ბერძნული მითოსიდან ვიცით ე.წ. კასანდრას წყევლა – ღმერთებმა დასწყევლეს კასანდრა, რომ ყოველთვის სიმართლეს ილაპარაკებ, მაგრამ არასდროს არავინ დაგიჯერებსო, – როგორც ჩანს, ამ კასანდრას წყევლის ქვეშ ვარ.
მოსახდენი მოხდა, მე კიდევ გამიკვირდა, რომ ამდენ ხანს გაუძლო ამ ოპოზიციამ. მე არ ვმონაწილეობდი არც გადაწყვეტილებებში, არც მოლაპარაკებებში, არც შიდა ოპოზიციურ მოლაპარაკებებში, მაგრამ დღეს რასაც ვუყურებ, გამოდიან ჩემი კოლეგა ოპოზიციონერები და ისეთ რაღაცებს ყვებიან, დაუჯერებელ ამბებს.
ორ საკითხს ვიტყვი, რომელიც სავსებით მიღწევადი იყო, მაგრამ არ გაკეთდა და ჩემი ვარაუდით, ეს ოპოზიციის ბრალია. ცესკო-ს შემადგენლობა: დააყენა კი ოპოზიციამ იქ საკითხი, რომ თანაბარი ყოფილიყო შემადგენლობა ცესკო-სი ? რაღაც არ ეტყობა, იმიტომ, რომ მე გამოვრიცხავ, დასავლეთს ამაზე უარი ეთქვა. მეორე, რატომ არ დააკონკრეტა ოპოზიციამ, რა იგულისხმებოდა შეწყალებაში, ამნისტიაში? იქვე იყვნენ „ევროპელები“, შარლ მიშელიც ჩამოვიდა ორჯერ, რატომ არ დააკონკრეტა ოპოზიციამ ეს საკითხები? შემდეგ კიდევ, როგორ გგონიათ, ქართველ ხალხს აინტერესებს ის, რომ 5 კომიტეტი ოპოზიცას გადაეცეს ? ეს არის საინტერესო?- არა. როცა 5 კომიტეტს აიღებს ოპოზიცია, რაც ამ ქვეყანას დაემართება ცუდი ამბები, ოპოზიცია იქნება თანაპასუხისმგებელი ხელისუფლებასთან და მე არ მაქვს კარგი პროგნოზები საქართველოს შესახებ. იმიტომ, რომ როცა არასწორი მიმართულებით ვითარდება ქვეყანა, ის აუცილებლად კისერს იტეხავს ხოლმე. ეს ამბები ხომ შეიძლება მოგვარებულიყო ?”, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.