კახეთში ნავთობი იღვრება

ყოფილი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ დედოფლისწყაროში ნაზარლების N2 გაჩერებული ჭაბურღილიდან ნავთობი იღვრება და ნიადაგში ჩადის. მისივე თქმით, ჭაბურღილი კომპანია “ფრონტერას” საკუთრებაა და დაღვრილი ნავთობი თითქმის ვაშლოვანის ნაკრძალამდე მიდის.

“ეს არის ნაზარლების მე-2 ჭაბურღილი,”ფრონტერას” ტერიტორია. ჭაბურღილი გაჩერებულია, მაგრამ ამის მიუხედავად წნევით იღვრება ნავთობი და ჩადის ქვემოთ ნათესებში. როგორც გარემო ნადგურდება, შესაბამისად ნადგურდება ის სიმდიდრე, რომელიც ქვეყანას გააჩნია. შეიძლება მცირედი, თუმცა ნავთობის სახით. ნახეთ, სადამდე ჩადის.. ვაშლოვანის ნაკრძალამდე მიდის თითქმის”,-ამბობს Facebook ლაივში ნაცვლიშვილი.

ნაცვლიშვილის მიერ გავცელებულ ვიდეოში ჩანს დაღვრილი ნავთობი.

ფოტო: ბექა ნაცვლიშვილი

ნეტგაზეთთან საუბრისას “ფრონტერას” აღმასრულებელი დირექტორი ზაზა მამულაიშვილი ამბობს, რომ თუ ვიდეოში ნაცვლიშვილი ნამდვილად ნაზარლების N2 ჭაბურღილზე საუბრობს, ეს ჭაბურღილი “ფრონტერას” არ ეკუთვნის და ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს საკუთრებაა. შესაბამისად, მისი თქმით, ინფორმაცია, რომ მომხდარზე პასუხისმგებელია კომპანია, სიმართლეს არ შეესაბამება. “ფრონტერას” წარმომადგენლის განმარტებითვე, ეს ჭაბურღილი მთავრობას საერთაშორისო არბიტრაჟში წარმოებული დავის შემდეგ, გასულ წელს გადაეცა.

ფოტო: ბექა ნაცვლიშვილი

“ეგ ვიდეო სად გადაიღო, არ ვიცი… ჩვენ სადაც ვმუშაობთ, არსად მსგავსი რამ არ ხდება. თუ ნაზარლებზეა საუბარი და იქ არსებულ ჭაბურღილებზე, ეს სხვა ტერიტორიებთან ერთად საძიებო იყო, ანუ მხოლოდ ნაზარლები არ ყოფილა. ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოც და ნავთობისა და გაზის კორპორაციაც დაჟინებით ითხოვდა რომ დაგვიბრუნეთ და ჩვენ  გავაგრძელებთ მუშაობას, ან ახალ ტენდერს გამოვაცხადებთო. ჩვენც დავუბრუნეთ.. ეს იყო 2020 წლის მე-2 ან მე-3 კვარტალში”,-აცხადებს მამულაიშვილი.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სადაც გვითხრეს, რომ ნავთობისა და გაზის სფეროში საქმიანობის კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა.

ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოში ადასტურებენ ნაზარლები № 2 ჭაბურღილიდან ნავთობის დაღვრის ფაქტს და აცხადებენ, რომ მის უსაფრთხო ოპერირებაზე პასუხისმგებელი “ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენია” და კომპანია დარღვევით აგრძელებდა ოპერირებას, რის გამოც გარემოს ზიანი მიადგა. სააგენტოს თანახმად, გარემოს დაბინძურების მასშტაბი გაცილებით დიდია, ვიდრე ეს ნაცვლიშვილის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს. ამიტომ, ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო აცხადებს, რომ ამჟამად კვლევა მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც “ფრონტერას” გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამო სანქცია დაეკისრება.

“გვსურს გამოვეხმაუროთ ბატონ ბექა ნაცვლიშვილის ამა წლის 28 აპრილის ფეისბუქ ლაივში გასაჯაროებულ ვიდეოს, რომელიც ეხებოდა დედოფლისწყაროში მდებარე ჭაბურღილიდან (ნაზარლები № 2) ნავთობის დაღვრის ფაქტს. აღნიშნული ჭაბურღილის უსაფრთხო ოპერირებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება კომპანია “ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენს” და მის საოპერაციო კომპანიას “ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას”. გვსურს საზოგადოებას შევახსენოთ, რომ “ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენის” წინააღმდეგ საერთაშორისო საარბიტრაჟო დავის დასრულების (2020 წლის 17 აპრილი), შედეგად სახელმწიფოს გააჩნდა სრული უფლება, შეეწყვიტა წილობრივი განაწილების ხელშეკრულება, მაგრამ გამოიჩინა რა კეთილი ნება, მისცა კომპანიას უფლება, გაეგრძელებინა ნავთობისა და გაზის მოპოვების სამუშაოები საბჭოთა პერიოდში აღმოჩენილ საბადოებზე, რაც მთლიანი საოპერაციო ტერიტორიის დაახლოებით 1 % შეადგენს. სამუშაობის გაგრძელების უფლება სხვა მნიშვნელოვან მიზეზებთან ერთად უკავშირდებოდა ასევე იმას, რომ ჭაბურღილების ოპერირება მომხდარიყო უსაფრთხოდ და გარემოს არ შექმნოდა დაბინძურების საფრთხე, რაც კომპანიამ არ გაითვალისწინა და ყოველგვარი წესებისა და ნორმების დარღვევით განაგრძო ჭაბურღილების ექსპლუატაცია. კომპანია არაერთხელ იქნა გაფრთხილებული იმ მოსალოდნელ საფრთხეზე, რაც ჭაბურღილების არასწორ ექსპლუატაციას შეიძლებოდა მოჰყოლოდა. სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფი, მუდმივი მონიტორინგის ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე იმყოფებოდა მიმდინარე წლის 23 აპრილს. სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ტერიტორიაზე არსებული დაბინძურების მასშტაბები გაცილებით დიდია, ვიდრე ბატონ ბექა ნაცვლიშვილის მიერ დაფიქსირებულ კადრებში. ჯგუფის მიერ დეტალურად არის აღწერილი და დაფიქსირებული დაბინძურების ყველა ადგილი და წყარო. ამჟამად მიმდინარეობს გარემოსთვის მიყენებული ზიანის შეფასების პროცედურები, რომელთა დასრულების შემდეგ კომპანიას დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა სანქცია”, – წერია სააგენტოს განცხადებაში, რომელიც ნეტგაზეთმა უწყების პრესსამსახურისაგან მიიღო.

სააგენტოს განცხადების საპასუხოდ ზაზა მამულაიშვილი ჯერჯერობით მოკლე კომენტარით შემოიფარგლა. მან სმს-ით მოგვწერა, რომ “ეს ასე არ არის”.


ჰააგის არბიტრაჟში დახარჯული მილიონობით აშშ დოლარის და წლების განმავლობაში გამოთქმული პრეტენზიების მიუხედავად, გასულ წელს გაირკვა, რომ საქართველოს მთავრობა ამერიკულ კომპანია „ფრონტერასთან“ კონტრატქს აღარ წყვეტს.

არადა, თავდაპირველად, ნავთობკომპანიასთან მრავალთვიანი და მრავალმილიონიანი სააბრიტრაჟო დავის დასრულების შემდეგ, სახელმწიფომ გამოაცხადა, რომ მასთან კონტრაქტს წყვეტდა, — რა შემთხვევაშიც კომპანია მთლიანად დაკარგავდა საქართველოში ნავთობისა და გაზის მოპოვების ლიცენზიას და დაემშვიდობებოდა ადგილობრივ ინდუსტრიას, რომელთანაც 23-წლიანი კავშირი ჰქონდა.

თუმცა კომპანია მტკიცედ იდგა სახელმწიფოს განცხადებების პირისპირ და აცხადებდა, რომ არბიტრაჟის გადაწყვეტილება ავტომატურად არ ნიშნავდა არც კონტრაქტის შეწყვეტას და არც იმის უპირობო საფუძველს იძლეოდა, რომ საქმიანობის ლიცენზია დაეკარგა.

რამდენიმეთვიანი ურთიერთბრალდებებისა, პარალელურად კი, აშშ-ის პოლიტიკური წრის წარმომადგენლების მიერ საქართველოს მთავრობის მისამართით გაკეთებული გამაფრთხილებელი განცხადებების შემდეგ, 2020 წლის 23 ივლისს, საქართველოს მთავრობამ, რომელმაც „ფრონტერასთან“ დავაში 20 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა, გამოაცხადა, რომ ინვესტორთან კონტრაქტს აღარ შეწყვეტს.

არბიტრაჟის გადაწყვეტილება, — ისევე, როგორც კონტრაქტის შინაარსი და პირობები, — ამ დრომდე საიდუმლოდ რჩება.

 

“ნეტგაზეთი”