იაპონიაში შექმნეს აპლიკაცია-მაღვიძარა, რომელიც დაგვიანების შემთხვევაში მომხმარებელს თანხას აჭრის

იაპონელმა პროგრამისტებმა წარადგინეს ახალი აპლიკაცია Mezamee, რომელიც მომხმარებელს დაგვიანების შემთხვევაში მითითებული საბანკო ბარათიდან თანხას ჩამოაჭრის. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

აპლიკაციის მიზანია მომხმარებელს დაეხმაროს არ დააგვიანოს. ამისთვის მომხმარებელმა აპლიკაციაში უნდა შეიყვანოს მონაცემები იმის შესახებ თუ რომელ საათზე უნდა იყოს ამა თუ იმ ადგილას. თუ ის დათქმულ დროს თავისი სახლთან 100-მეტრიან მანძილზე ახლოს იქნება, აპლიკაცია მას ბარათიდან გარკვეულ თანხას ჩამოაჭრის.

მომხმარებელს თვითონ შეუძლია გადაწყვიტოს რა თანხას დაკარგავს დაგვიანების შემთხვევაში, თუმცა „ჯარიმის“ მინიმალური თანხა 100 იენია (დაახლოებით 3.17 ლარი).

თუმცა იაპონიაში იმაზე ღელავენ, რომ Mezamee-ს შემქმნელები მათი პირადი მონაცემებით ისარგებლებენ. შეთანხმებაში ნათქვამია, რომ კომპანიას მომხმარებლის შესახებ მონაცემების გამოყენება ნებისმიერი მიზნისთვის შეუძლია, იმ პირობით, რომ მათ ანონიმურობას დაიცავს.