ჩანახატი დუდუკზე

,, …შემოგინახა ძველმა თბილისმა, დასავიწყებლად არ მემეტები.“… დუდუკის მსგავს საკრავს ჯერ კიდევ ძველი ეგვიპტელები და შემდგომ არაბები იცნობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ,,დუდუკი“ თურქული სიტყვაა (düdük), ძნელი სათქმელია, ჩვენში 17-ე – 18-ე საუკუნეებში, რომელი აღმოსავლური ქვეყნიდან შემოვიდა ეს ტკბილმოუბარი, ნაღვლიანი, სულის მესაიდუმლე მეგობარი და ბედი-იღბლის მომჩივანი კაცისა, სიხარულის და ზეიმის მომფერებელი, იმავე კაცისა.

ბევრი კამათის და დაჩემების მიუხედავად დღევანდელი დუდუკის სამშობლოდ, ნურავის ნუ ეწყინება და არც სომხეთი, არც აზერბაიჯანი და არც საქართველო არ მიმაჩნია. მისი მშობელი, თბილის-ქალაქი (ხაზგასმა ჩემია) და მასზე მოამაგე სომეხი, აზერბაიჯანელი და ქართველი მგოსან-აშუღები არიან. დუდუკი პირვანდელი სახით მარტოსული ინსტრუმენტი იყო და ერთი კაცის ხასიათს გამოხატავდა. 19-ე საუკუნეში კავკასია ერთ სივრცეში მოექცა ცენტრით – ტფილისი. ჩეჩენი ოსს, სომეხი ქართველს ან ლეკი აზერბაიჯანელს, რომ ეუბნებოდა ,,ქალაქს მივდივარო“, ტფილისს გულისხმობდა. ქალაქში მუდმივი აუდიტორიის არსებობამ განაპირობა ის, რომ დუდუკი განვითარდა: ნაცვლად შვიდისა, შეიქმნა ათთვალიანი და დასტაში გაერთიანდა, დამქაშთან (მეორე დუდუკი) და დოლთან ერთად. მოგვიანებით აქ რვათვალიანი, ბანის დუდუკი შეიქმნა. მეტიც! სამი დუდუკის ერთდროულად ჩაბერვით აჟღედა ქართული პოლიფონიაც და ევროპული კლასიკაც. აქ მოისმენდით თბილისურ მუხამბაზებს, აღმოსავლურ ბაიათს და მუღამებს.

დუდუკის დასამზადებელი საუკეთესო მასალაც ხომ აქ, დიღომსა და ავჭალაში გახარებული ზრდადასრული ჭერამია. აი რას ამბობდა ცნობილი მედუდუკე მიხეილ ადამაშვილი­: “წინაპრების გადმოცემით, დუდუკი ჩვენი საკრავია, ხალხს ხშირად ერევა­ ერთმანეთში დუდუკი და ზურნა. ეს უკანასკნელი მართლა არ არის აქაური.­ ბევრი ქვეყანა შემოვიარე, მაგრამ დუდუკი არსად მინახავს. ზურნა კი, რამდენიც გინდათ, ყველგან იყო”.  ცნობილი სერგო მარტიროსოვი: ,,როცა ირანის შაჰს დუდუკის მოსმენა სურდა, აუცილებ­ლად თბილისში გზავნიდა ხალხს, რომ ჩაეყვანათ მედუდუკეები ირანშიო. თუკი ეს ინსტრუმენტი ერევანშიც ჰქონდათ, ეს ქალაქი უფრო ახლოს არ არის ირანთან?“

გულდასაწყვეტია , რომ ჩვენში 21-ე საუკუნე ისე დაიწყო, რომ ქართველს ერთი არ გაუღიმია დუდუკის მიმართ. დასავიწყებლად არ უნდა გავიმეტოთ ძველი თბილისის მიერ შემონახული, ქონით დადაღრვული და კირგამჯდარი ჩვენი დუდუკი.

 

შეკრიბა: ედიშერ ოდიშარიამ

P. S. – “ნიუსფრონტისგან”: ამასობაში, სომხეთში,  კარგა ხანია, მოასწრეს დუდუკისათვის მსოფლიოში სახელის მოხვეჭა, როგორც ექსკლუზიურად სომხური ხელოვნების ნიმუშისა… იხ. აქ.