ყოველ დღე მხვდება თვალში ინფორმაციები, რომ ხალხი აღშფოთებულია, აღდგომა დღეს სასაფლაოზე გასვლას გვიკრძალავს მთავრობა, ჯარიმით გვემუქრებაო. მათ შორის, “ნიუსფრონტ-საქართველოზეც”, რომლის რედაქტორიც ვიყავი მისი დაარსებიდან რამდენიმე თვის მანძილზე, ვნახე ასეთი შინაარსის წერილები.
მთავრობა და “საკოორდინაციო საბჭო” თავიანთი აკრძალვის საფუძველს “აკეთილშობილებენ” არგუმენტით, თითქოს სასაფლაოზე შეკრებილი ხალხი ერთმანეთს ვირუსს გადასდებს და აკრძალვა ამ საფრთხეს აარიდებს ხალხს. ეს არგუმენტი რომ კრიტიკას ვერ უძლებს, გასაგებია – სასაფლაოზე ანუ ღია სივრცეში, სადაც წინაპრის საფლავზე ოჯახის წევრები და ახლო ნათესავები იკრიბებიან (რომლებიც ერთმანეთთან ისედაც არიან მჭიდრო კონტაქტში), კორონავირუსის გადადება ნაკლებად მოსალოდნელია – თუნდაც იქ სმა-ჭამა გამართონ ჭირისუფლებმა. მაგრამ უვიცი ხელისუფლება უნებურად სიკეთეს აკეთებს, როდესაც ასევე უვიც ხალხს უკრძალავს საფლავებზე გასვლას ღრეობის მოსაწყობად. საქმე ის გახლავთ, რომ ეს ვითომ “ტრადიცია” საფლავებზე პურ-მარილების გამართვისა, თავისი ფორმით ამაზრზენია, შინაარსით კი – აბსოლუტურად არაქრისტიანული! მე მგონი, განათლებულ ხალხში ამას დასაბუთება არ სჭირდება და სიტყვას აღარ გავაგრძელებ, მაგრამ მინდა მივმართო იმ ხალხს, ვინც საფლავებზე ღრეობას არ აწყობს ხოლმე აღდგომის დღეებში, სამაგიეროდ, სურს, “უბრალოდ” გავიდეს, სანთელი დაანთოს და, როგორც თითქმის ყველა აკეთებს ამას, სააღდგომო კვერცხი “გააგოროს” საყვარელი გარდაცვლილი ადამიანის საფლავზე.
საქმე ის არის, რომ არც ეს ტრადიცია გახლავთ ქრისტიანული! სასაფლაოებზე მოწყობილ ღრეობას, მწვადების წვას და სხვა გულისამრევ ქმედებებს ეს გარეგნულად ლამაზი ქმედება, რა თქმა უნდა, ვერ შეედრება, თუმცა არსი იგივეა. ჯერ ერთი, გაუგებარია, რატომ “აგორავებენ” წითელ კვერცხებს საფლავებზე, ეს კვერცხი მოგვიანებით ან გაჭირებულ ხალხს მიაქვს (უკეთეს შემთხვევაში) ან ძაღლები ჭამენ (და აბინძურებენ საფლავებს) ან კიდევ, კვერცხი ლპება, ნაჭუჭი რჩება და საფლავი ამ გზით ბინძურდება. კვერცხიც და პასკაც საფლავზე კი არ უნდა იდოს, გაჭირებულებს უნდა ურიგდებოდეს.
გარდა ამისა, თავად აღდგომის დღესასწაული ნიშნავს უდიდეს სიხარულს, ადამიანის სულის ხსნის შესაძლებლობის გაჩენას, ღმერთთან შერიგებას და ამ სიხარულის გამოხატვა მდუმარე და ნაღვლიან ადგილზე – სასაფლაოზე, სულ მცირე, უცნაურია, თან ულამაზოცაა. წარმოიდგინეთ, ახალ წელს ყველა რომ საფლავებზე გადიოდეს ნაძვის ხის სათამაშოებით და ადამიანები იქ ულოცავდნენ ერთმანეთს (და მიცვალებულსაც) ახალი წლის დადგომას – აბსოლუტურად იგივე აბსურდია ასეთი “საზეიმო” ქმედება სასაფლაოზე აღდგომა დღესაც.
ამას მე არ ვამბობ, ჰკითხეთ ნებისმიერ წიგნიერ და წესიერ მღვდელს და ის ჩემზე უკეთ აგიხსნით ამ ყველაფერს. ამასთან, ისიც მინდა, აღვნიშნო, რომ აღდგომა დღეს სასაფლაოზე გასვლის მავნე ტრადიცია ცარიელ ადგილზე არ წარმოშობილა. რა თქმა უნდა, გვახსოვს წმ. იოანე ოქროპირის სააღდგომო სიტყვის ეს ნაწილიც: “ქრისტე აღდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი! /…/ აღსდგა ქრისტე და არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა /…/”.
ქრისტეს მეორედ მოსვლისას განსვენებული ადამიანების ფიზიკური აღდგენა მოხდება – ასეთია ქრისტიანული ესქატოლოგია. მაგრამ ეკლესია იმისთვის არის თავად იესოს მიერ დაფუძნებული, რომ ეკლესიამ უნდა განსაზღვროს ყველაფრის დრო, წესი და რიგი.
სასაფლაოებზე გასვლის დრო არ არის აღდგომის დღე ან მისი მეორე დღე, არამედ ბრწყინვალე შვიდეულის შემდეგ, თომას კვირიაკის სამშაბათი (აღდგომიდან მე-9 დღე. ის, თუ რა დატვირთვა აქვს მე-9 დღეს ქრისტიანულ რწმენაში, იხ. ბმულზე აქ.).
2021 წელს ეს დღე 11 მაისია!
“აღდგომიდან მეცხრე დღეს, თომას კვირის სამშაბათს მიცვალებულთა მოხსენიება და საფლავთა კურთხევა აღესრულება. ამ დღეს ადამიანები იხსენებენ გარდაცვლილთა სულებს, გადიან საფლავებზე, ანთებენ სანთელს. მიცვალებულთა სახელზე ეკლესიისა და უპოვარი ადამიანებისთვის შესაწირს გასცემენ.
დღეს ხალხში კიდევ არსებობს აღდგომის დღესასწაულზე საფლავზე გასვლის არასწორი წესი. სასულიერო პირთა თქმით, აღდგომის დღესასწაულზე ქრისტიანს გლოვა არ შეშვენის.
ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს კი საფლავზე გასვლა ასევე ხალხის მიერ შემოღებული ტრადიციაა, მაგრამ იქ მიცვალებულს არ იხსენიებენ, უბრალოდ ახარებენ, რომ ქრისტე აღდგა! მიცვალებულისათვის ლოცვა და პანაშვიდის გადახდა ამ დღეს არ არის მიღებული.
ეკლესიის სწავლებით, მიცვალებულის მოხსენიება ხდება აღდგომიდან ერთი კვირის გასვლის შემდეგ, თომას კვირის სამშაბათს” (“ამბიონი“).
ასე რომ, მთავრობა კარგს გააკეთებს, თუ ყოველ წელს ასე აკრძალავს აღდგომის დღეს საფლავებზე ღრეობას – იქნებ ასე მაინც ვისწავლოთ რამე, თუმცა მეტი არაა ჩემი მტერი – სოფლებში “ტრადიციულ” მოწარმართო ქართველებს მხოლოდ “მონიტორინგს” ჩავუტარებთო, ასე ითქვა მთავრობის წარმომადგენლების მიერ. გამოდის, რომ “დაბალი ღობე” ისევ თბილისია. თუმცა, ამ შემთხვევაში, ვიმეორებ, ეს შეზღუდვა სასარგებლოა.
გულბაათ რცხილაძე