გუშინ მოსულ უხვ ნალექს ვაშლიჯვრის ფერდობზე მეწყრულ პროცესებზე ზეგავლენა არ მოუხდენია – ირაკლი ბენდელიანი.
დედაქალაქის მერის მოადგილის ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, გუშინ დედაქალაქში მოსულ უხვ ნალექს ვაშლიჯვრის ფერდობზე მეწყრულ პროცესებზე ზეგავლენა არ მოუხდენია.
„იმ ტერიტორიებზე, სადაც გუშინ უხვმა ნალექმა პრობლემა შექმნა, იყო მუდმივი მონიტორინგი, მათ შორის მეწყრულ ზონაზე მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ. დღეს დილით გეოდეზისტებმა დამატებით აიღეს კონკრეტული ნიმუშები, რათა კიდევ ერთხელ დავრწმუნებულიყავით, რაიმე სახის გადაადგილება შეინიშნებოდა თუ არა მეწყერის მასასთან დაკავშირებით.
სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ არანაირი ზეგავლენა გუშინდელ უხვ ნალექს არ მოუხდენია და გვაქვს იგივენაირი მდგომარეობა, რაც აქამდე გვქონდა. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ადგილი, დღეის მდგომარეობით, სრულიად უსაფრთხოა. როგორც იცით, ჩატარდა პირველი რიგის სამუშაოები. უახლოეს დღეებში გვექნება დეტალური დაექსპერტებული პროექტი, რის მიხედვითაც დავიწყებთ მეორე ეტაპის სამუშაოებს, რომელიც გულისხმობს უშუალოდ მეწყერული ზონის გამაგრებას. შესაბამისად, მინდა მოსახლეობა დავამშვიდო, რომ მეწყერის საფრთხე არ არსებობს” – განაცხადა ბენდელიანმა.
წყარო: newposts.ge