ბრიტანეთი G7-ის ქვეყნებს რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების მექანიზმის შექმნას სთავაზობს

დიდი ბრიტანეთი „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებს რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების მექანიზმის შექმნას სთავაზობს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა განაცხადა.

„როდესაც ვხედავთ სიცრუეს, პროპაგანდას ან ყალბ ამბებს, ჩვენ შეგვიძლია არა მხოლოდ ინდივიდუალურად დავუპირისპირდეთ ამას, არამედ გავერთიანდეთ, რათა სიმართლე გავაგებინოთ მსოფლიოს, მათ შორის ჩინეთისა და რუსეთის მოსახლეობას“, – აღნიშნა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დღეს „დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები ლონდონში შეხვედრებს გამართავენ. კლიმატის ცვლილება, ადამიანის უფლებათა დაცვა და კორონავირუსის პერიოდში ეკონომიკის აღდგენა იმ საკითხთა არასრული ჩამონათვალია, რომელზეც „დიდი შვიდეულის“ (G7) წევრ სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრები 3-5 მაისს, ლონდონში დაგეგმილ შეხვედრაზე იმსჯელებენ.

დიდი შვიდეული პოლიტიკურად და ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფოების ჯგუფია. მისი წევრები არიან აშშ, იაპონია, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია და კანადა. ჯგუფის წევრი სახელმწიფოებისა და მთავრობათა მეთაურები ყოველწლიურად ხვდებიან ერთმანეთს სამიტზე, სადაც განიხილება მსოფლიოს ძირითადი პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემები და იგეგმება მათი გადაჭრის ერთობლივი ღონისძიებები.