ამირან გამყრელიძე „სინოფარმით“ პირდაპირ ეთერში აიცრა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. ამირან გამყრელიძემ ჩინური „სინოფარმი“ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაიკეთა.

„სინოფარმით“ ვაქცინაცია საქართველოში 18 წელს ზემოთ მსურველ მოქალაქეებს შეუძლიათ. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში უკვე აცრილია 45 000 მოქალაქეზე მეტი, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ვაქცინაციის ტემპი დაბალია. იმისთვის, რომ ქვეყანაში პოპულაციური იმუნიტეტი სწრაფად შეიქმნას, მნიშვნელოვანია დღიურად 4-დან 5 ათასამდე ადამიანი აიცრას.

27 აპრილიდან დღემდე სინოფარმით აცრის სურვილი 15 ათასამდე მოქალაქემ გამოთქვა. საერთო ჯამში, ქვეყანაში ამ ეტაპზე “სინოფარმის” 100 000 დოზაა შემოტანილი. ქვეყანა ახლა „ფაიზერის“, „ასტრაზენეკისა“ და „სინოფარმის“ დამატებით დოზებს ელოდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო.

 

“იმედინიუსი”