საქართველოს ეროვნული ბანკი, ახალი ფინანსური ტექნოლოგიების გამოყენების შემსუბუქებისა და გადახდის სისტემის ეფექტურობის ამაღლების მიზნით, ციფრული ვალუტის გამოშვების შესაძლებლობას განიხილავს, ნათქვამია რეგულატორის განცხადებაში.
„ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ ცენტრალური ბანკის ფულის განვითარების და ლარის ციფრული ვერსიის შექმნის აუცილებლობა გამოკვეთა, რათა ის უკეთ მოერგოს ციფრულ ეკონომიკას და გაზარდოს ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა (CBDC) ცენტრალური ბანკის ვალდებულებაა და მას გადახდის საშუალების სტატუსი ექნება. პროექტის ფარგლებში ეროვნული ბანკი ფინტექ–კომპანიებთან და დაინტერესებულ ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს.
საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკი (Bank for International Settlements, BIS), რომელიც ცენტრალური ბანკების უმსხვილეს გაერთიანებას წარმოადგენს, რეგულარულად აკვირდება პროგრესს CBDC-ს მიმართულებით. ბოლო პერიოდში წამყვანი ცენტრალური ბანკები CBDC-ს დანერგვაზე აქტიურად მუშაობენ, იქმნება საპილოტე პროექტები, მიმდინარეობს ოპტიმალური დანერგვისა და არქიტექტურის ძიება.
„CBDC-ს გააჩნია პოტენციალი მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანოს ინოვაციურ ბიზნეს მოდელებს, რასაც ასევე დიდი გავლენა ექნება საზოგადოების კეთილდღეობაზე. CBDC-ს გამოშვებით შესაძლებელი იქნება გაიზარდოს ფინანსური შუამავლობის ეფექტიანობა, დაჩქარდეს ახალი ფინანსური ტექნოლოგიების დანერგვა, ხელი შეეწყოს ფინანსურ ჩართულობას“, – მიიჩნევენ ეროვნულ ბანკში.
რეგულატორის აზრით, ასევე შესაძლებელია მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობის გაზრდა და ლარიზაციის პროცესის ხელშეწყობა.
სიახლეები ციფრულ ვალუტაში
ამჟამად ქვეყნების ცენტრალური ბანკები ფულის ორ სახეობას უშვებენ: ნაღდი, ყველასთვის ხელმისაწვდომი ფული და „ფული ბანკებისთვის“ – კომერციული ბანკების სარეზერვო ანგარიშები ცენტრალურ ბანკში, რაც მხოლოდ ბანკებისთვისაა ხელმისაწვდომი.
ცენტრალური ბანკის ციფრული ფული ასევე შეიძლება ორი სახის იყოს – საცალო (retail) – ნაღდი ფულის ციფრული ანალოგი, მომხმარებლის ფართო წრისთვის ხელმისაწვდომი (მათ შორის მოქალაქეებისა და იურიდიული პირებისთვის), და საბითუმო (wholesale) – „ფულის ბანკებისთვის“ ციფრული ანალოგი, რომლის ხელმისაწვდომობა მხოლოდ ფინანსურ ორგანიზაციებს აქვთ.
საცალო CBDC–ს შეიძლება ვუწოდოთ „სარეზერვო ანგარიშები ყველასთვის“ და მისი საკვანძო სიახლეა ცენტრალური ბანკის ვალდებულებებისთვის ხელმისაწვდომობის გაფართოება.
რა განსხვავებაა ციფრულ ფულსა და კრიპტოვალუტას შორის
კრიპ[ტოვალუტას, ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტისგან განსხვავებით, არა აქვს ფულის მნიშვნელოვანი თვისებები, არა აქვს ემიტენტი, რომელიც გარანტიას მისცემდა მის გამოშვებასა და შემდგომ ბრუნვას.
კერძოდ, კრიპტოვალუტა შეიძლება გადავიდეს ერთი მფლობელიდან მეორე მფლობელთან. მაგრამ, პირველ რიგში, მას არა აქვს გადახდის საშუალების უნარი. მეორეც, კრიპტოვალუტა არ შეიძლება იყოს დანაზოგის საიმედო საშუალება, რადგან მისი ღირებულება ყოველდღიურად და ყოველთვიურად ძალიან მერყეობს, მიიჩნევენ ექსპერტები.
და მესამე – კრიპტოვალუტას არა აქვს ემიტენტი, რომელიც გარანტიას მისცემდა მის საიმედოობასა და გამოშვების პროცესის პასუხისმგებლობას და ამ ინსტრუმენტების შემდგომ ბრუნვას.
CBDC–ს სიტუაცია მსოფლიოში
ცენტრალური ბანკების დაინტერესება ციფრული ვალუტის გამოშვების საქმეში თეორიული კვლევებიდან რეალიზაციის ხერხების საგნობრივ განხილვაზე და ვარიანტების ტესტირებაზე გადადის. ეროვნული ციფრული ვალუტის მართომასშტაბიანი გამოშვების სტადიაზე ჯერ არც ერთი ქვეყანა არ გადასულა.
ციფრულ ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით 2020 წლის შუა პერიოდში რამდენიმე ქვეყანამ ექსპერიმენტი ჩაატარა, მათ შორის ჩინეთმა, სამხრეთ კორეამ, შვედეთმა (რომელმაც ამ მხრივ მუშაობა ერთ–ერთმა პირველმა დაიწყო). ოქტომბრის დასაწყისში ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ეროვნული ციფრული ვალუტის შესაძლო გამოშვებისა და ციფრული ევროს თაობაზე ექსპერიმენტების დაწყების შესახებ განაცხადა.
კრიპტოვალუტით ვაჭრობის თაღლითური სქემა საქართველოში: დაკავებულია 11 პირი>>
ციფრული ვალუტის გამოშვების შესაძლებლობის თაობაზე მსჯელობს ინგლისის ბანკი. აშშ–ის ფედერალური სარეზერვო სისტემა სწავლობს ტექნოლოგიებს, რომელიც ნაღდი ფულის ციფრული ვარიანტის გამოშვების საშუალებას იძლევა, ამაზე რამდენიმე ფედერალური სარეზერვო ბანკი მუშაობს.
“სპუტნიკი”