“ასტრაზენეკათი” აცრილია 25,5 ათასი პირი, ვაქცინის გაფუჭების საფრთხე არ არსებობს

“ასტრაზენეკათი” აცრილია 25,5 ათასი პირი – გამყრელიძის თქმით, ვაქცინის გაფუჭების საფრთხე არ არსებობს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ საქართველოში “ასტრაზენეკას” ვაქცინის გაფუჭების რისკი არ არსებობს. 43,2 ათას ვაქცინას ვადა მაისის ბოლოს ეწურება, ამ ეტაპზე კი აცრილია 25,5 ათას პირამდე. ვაქცინასთან დაკავშირებით ამირან გამყრელიძემ ჩინური წარმოების ვაქცინით, “სინოფარმით” აცრის შემდეგ ისაუბრა.

“ასტრაზენეკას” ვაქცინაზე ადგილი დაჯავშნილი აქვს კიდევ 10 ათას ადამიანს, ამიტომ არ მგონია, რომ ჩვენ პრობლემა გვქონდეს ათვისებასთან დაკავშირებით”, – თქვა გამყრელიძემ და აღნიშნა, რომ ქვეყანა ამ წარმოების ვაქცინის 43 ათას დოზას ელოდება, რომელიც მოქალაქეების მეორედ ვაქცინაციისთვის იქნება გამოყოფილი.

“ასტრაზენეკა“ – კომპანია AstraZeneca-ს და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული ვაქცინაა, რომლის ეფექტიანობაც 63%-დან 82,4%-მდე მერყეობს. აცრა ტარდება ორ დოზად – 6-12 კვირის ინტერვალში. პირველადი აცრა საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო. მას შემდეგ გასულია 6 კვირა.

5 აპრილიდან ამ ვაქცინით აცრა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ფარგლებში მხოლოდ 55 წლის ასაკს ზემოთ მყოფ მოქალაქეებს შეუძლიათ ისევე, როგორც დიალიზზე მყოფ და ორგანოგადანერგილ პაციენტებს. საქართველოში „ასტრაზენეკას“ პირველი 43 200 დოზა 13 მარტს შემოვიდა – მაშინ ვაქცინა მხოლოდ მედპერსონალისთვის იყო განკუთვნილი. ამის შემდეგ ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ რაოდენობაზე სხვადასხვა განცხადებები გაკეთდა.

წყარო: itv.ge