როდის გამოვა მელია საპატიმროდან?

“ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ (ენმ) არ ადასტურებენ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ საპატიმრო შესაძლოა მიმდინარე კვირაში დატოვოს.

როგორც ენმ-ში „რადიო თავისუფლებას“ უთხრეს, ამ დრომდე მათ არ სმენიათ ახალი ინფორმაცია, „ევროკავშირის გირაოზე“ ნიკა მელიას შეცვლილ პოზიციასთან დაკავშირებით. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერის შესაძლო გათავისუფლების მოლოდინი გაჩნდა მას შემდეგ, რაც 1 მაისს ის რუსთავის ციხეში „ლელოს“ ლიდერმა, დეპუტატმა მამუკა ხაზარაძემ მოინახულა.

რა გზები არსებობს ნიკა მელიას გასათავისუფლებლად და როდემდე შეიძლება გაგრძელდეს მისი პატიმრობა?

აუცილებელია თუ არა ნიკა მელიას წერილობითი თანხმობა „ევროკავშირის გირაოს“ მექანიზმის გამოსაყენებლად?

აქვს თუ არა აზრი პარლამენტში 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისიის შექმნას „ოცნების“ ფართო ამნისტიის პარალელურად?

„ლელოს“ ლიდერთან, მამუკა ხაზარაძესთან შეხვედრის შემდეგ ენმ-ის თავმჯდომარეს საპატიმროდან ახალი განცხადება აღარ გაუკეთებია და, შესაბამისად, თანაგუნდელები მისი ბოლო პოზიციით ხელმძღვანელობენ. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, ამ ეტაპზე ვერ ხედავს ვერანაირ საფუძველს მელიას მიერ უახლოეს დღეებში საპატიმროს „ევროკავშირის გირაოს“ საფუძველზე დატოვების მოლოდინისთვის.

„ნიკა მელია აცხადებდა, რომ ევროკავშირის გირაოს მხოლოდ ამნისტიის პროექტის უკან გაწვევის შემთხვევაში დათანხმდებოდა. ამ დრომდე ამნისტია უკან არავის გაუწვევია და ამიტომ ვერ გეტყვით, რას ეფუძნება ეს მოლოდინი (რომ ის ევროკავშირის გირაოს საფუძველზე მალე გათავისუფლდება)…

ხელისუფლებას აქვს ახლა მისი გათავისუფლების გასაღები და თეორიულად, თუ მოინდომებს, შეუძლია ოთხშაბათსაც გაათავისუფლოს, სამშაბათსაც, ხუთშაბათსაც და პარასკევსაც – ვინ იცის… მე ერთი ვიცი, რომ ნიკა მელია არ იცვლის ასე სწრაფად პრინციპულ გადაწყვეტილებებს“ – უთხრა რადიო თავისუფლებას ლევან ხაბეიშვილმა.

4 მაისს, რუსთავის ციხეში ნიკა მელიას ადვოკატები მოინახულებენ და ენმ-ის წარმომადგენლებსაც ახალ ინფორმაციას სწორედ ისინი შეატყობინებენ. თუმცა ადვოკატები წინასწარვე უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ, თითქოს, ენმ-ის თავმჯდომარემ ხელი უნდა მოაწეროს რაიმე სახის დოკუმენტს – ევროკავშირის მიერ შეთავაზებული გირაოს მექანიზმზე დათანხმების მიზნით.

წყარო: რადიო თავისუფლება