ხოშტარიას და ნადირაშვილს დეპუტატის მანდატი უნდა შეუჩერდეთ – სამოქალაქო აქტივისტები

პარტია “ევროპული საქართველოს” ოფისთან სამოქალაქო აქტივისტების აქცია დასრულდა. როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილე დავით შიოშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, აქციები იქამდე გაგრძელდება, ვიდრე დეპუტატებს -ელენე ხოშტარიასა და ირმა ნადირაშვილს დეპუტატის მანდატი არ შეუჩერდებათ.

“დღეს მოხდა ყოვლად ამორალური შემთხვევა, საბჭოთა კავშირის ჰიმნი გაჟღერდა პარლამენტში. ჩვენ ვემიჯნებით ამ ყველაფერს, ჩვენ ვართ ის ახალგაზრდები, რომლებსაც ევროპული ღირებულებები გაგვაჩნია და ნებისმიერი სიმბოლიკა, რომლითაც გამოხატული იქნება საბჭოთა კავშირი იქნება სირცხვილი და ამ სირცხვილს ვაპროტესტებთ. აქციები აუცილებლად გაგრძელდება, ვიდრე ეს სირცხვილი იარსებებს”,- განაცხადა აქციის მონაწილემ.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატებმა – ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა ჰიმნი , არჩილ თალაკვაძის მიერ ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას გააჟღერეს.