ქართული მოქალაქეობის შენარჩუნება 2020 წლის ბოლომდე იქნება შესაძლებელი

ორმაგი მოქალაქეობა ქართულ სახელმწიფოში პრობლემატურ საკითხად რჩება, თუმცა მთლიანობაში, იგი თითქოს გამარტივდა. 2018 წელს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შევიდა შესაბამისი ცვლილებები.

საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც არიან, მაგრამ ჯერ არ შეჩერებიათ საქართველოს მოქალაქის სტატუსი, 2019 წლის 15 აგვისტომდე შესაძლებლობა ჰქონდათ, მიემართათ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის და მოეთხოვათ საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება.

ერთი წლის მანძილზე (2019 წლის 15 აგვისტომდე) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში ამ უფლებით მოსარგებლე პირთა მომართვიანობა მაღალი იყო – საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით სააგენტოს მომართა 9348 საქართველოს მოქალაქემ.

მომართვიანობის მაღალი მაჩვენებლიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი გახდა ამავე კანონის 322 მუხლის მე-6 პუნქტში შესულიყო ცვლილება, რომლის საფუძველზეც საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცათ, 2020 წლის 31 დეკემბრამდე ისარგებლონ საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების უფლებით.

საქართველოს მოქალაქე ინარჩუნებს ქვეყნის მოქალაქეობას, თუ იგი სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოსგან მიიღებს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე;

იმ პირს, რომელიც უკვე არის სხვა ქვეყნის მოქალაქე, მაგრამ ჯერ არ შეჩერებია საქართველოს მოქალაქის სტატუსი, შესაძლებლობა ეძლევა, 2020 წლის 31 დეკემბრამდე მოითხოვოს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება;

პირს, რომელმაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემდეგ დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა, უფლება აქვს, 2020 წლის 31 დეკემბრამდე მიმართოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით აღდგენის მოთხოვნით, რისი საშუალებაც აქამდე არ ჰქონდა. აღნიშნულმა პირმა ქართულ ენაში შესაბამისი ტესტი უნდა ჩააბაროს (უარის თქმის საფუძვლები მოწმდება).

ორმაგი მოქალაქეობის საკითხი კვლავ პოლიტიკურ იარაღად რჩება სახელმწიფოს ხელში. თავისთვის “სახიფათოდ” მიჩნეულ პიროვნებებს როგორც სააკაშვილის ხელისუფლება, ისე ამჟამინდელი, ქართულ მოქალაქეობას არ უმტკიცებს. შესაბამის მაგალითებზე “ნიუსფრონტი-საქართველო” მომავალში ისაუბრებს.