როდის გაუმჯობესდება ეპიდსიტუაცია ქვეყანაში

პაატა იმნაძის განმარტებით, ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი კარგი ტემპით მიმდინარეობს, თუმცა, აუცილებელია მასში სულ უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს.

საქართველოში საკმაოდ რთული ეპიდვითარებაა, თუმცა, სიტუაცია ზაფხულისთვის გაუმჯობესდება, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ.

 

„საკმაოდ რთული ეპიდსიტუაცია გვაქვს. მაისის პირველ ნახევარს თუ ისე გავივლით, რომ შემთხვევათა კატასტროფული მატება არ იქნება, დიდი იმედი მაქვს, რომ ზაფხულს უფრო ნორმალურად შევხვდებით“, – განაცხადა ჟურნალისტებთან ეპიდემიოლოგმა.

იმნაძის თქმით, ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი კარგი ტემპით მიდის და იმედს იტოვებს, რომ იმუნიზაციის პროცესში სულ უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება.

„იმედი გვაქვს, რომ აცრები, რომლებიც ქვეყანაში საკმაოდ კარგად მიდის, კიდევ უფრო გაფართოვდება, უფრო მეტი ჩვენი თანამოქალაქე აიცრება და ასეთი სამწუხარო დღეები აღარ გვექნება“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

9 მაისის მონაცემებით, აცრა გაკეთებული აქვს 61.319 ადამიანს, მათ შორის, ბოლო დღე–ღამეში 2.765–ს.  ბოლო 14 დღეში ინფიცირების მაჩვენებელმა 5,98%, ბოლო შვიდ დღეში კი 6,55% შეადგინა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ინფიცირების 321.919 შემთხვევა გამოვლინდა.

“სპუტნიკი”