რუსეთთან ურთიერთობაში პოზიტიური დინამიკა სახეზეა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბაქოში ვიზიტით მყოფ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, ორშაბათს ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრის დროს ალიევმა რეგიონში ვითარების ნორმალიზებისთვის რუსეთთან შემდგომი ურთიერთქმედების იმედი გამოთქვა.
„სამხედრო თვალსაზრისით ვითარება შეიძლება, უკვე ნორმალიზებულად მივიჩნიოთ, თუმცა პოლიტიკური, ეკონომიკური, სატრანსპორტო და მომავალი ურთიერთქმედების სხვა ასპექტების კუთხით გასაკეთებელი ბევრია. აზერბაიჯანი რუსეთს მეგობრად და სტრატეგიულ პარტნიორად, მეზობელ ქვეყანად მიიჩნევს, რომლის მშვიდობისმყოფელებიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დაძაბულობის შემცირებას უწყობენ ხელს“, – განაცხადა ალიევმა.
თავის მხრივ, სერგეი ლავროვმა მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ საზღვრებთან დაკავშირებით საკითხები გადაჭრადია, მიუხედავად მათი სირთულისა.
„ჩვენ მადლიერნი ვართ ჩვენი მშვიდობისმყოფელების როლის მაღალი შეფასებისთვის. როგორც თქვენ აღნიშნეთ, სამხედრო ასპექტები დახურულია. ახლა საჭიროა ადგილზე დეტალებით დაკავება. იქ არის დელიმიტაცია, დემარკაცია. ყველაფერი მარტივად არაა, თუმცა გადაჭრადია. სამხედრო ექსპერტები, დიპლომატების მონაწილეობით, ურთიერთმისაღებ გამოსავალზე შეთანხმებას შეძლებენ“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.