ანკარაში ისრაელის საელჩოს და სტამბოლში ისრაელის საკონსულოს შენობებთან ათასობით ადამიანი შეიკრიბა და პალესტინელების მიმართ ისრაელის ქმედებები გააპროტესტა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, აქციების მონაწილეებს ხელში პალესტინის დროშები ეჭირათ და სკანდირებდნენ : „თურქი ჯარისკაცები ღაზაში“, „ძირს ისრაელი, ძირს ამერიკა.“
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი იორდანიის მეფე აბდულას, ქუვეითის ემირ შეიხ ნავაფ ალ-აჰმად ალ-საბაჰს, ასევე პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასსა და „ჰამასის“ ლიდერ ისმაილ ჰანიას ტელეფონით ესაუბრა. თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ერდოღანმა მეფე აბდულას განუცხადა, რომ პალესტინელების წინააღმდეგ განხორციელებული „არაადამიანური” თავდასხმების სამიზნე ყველა მუსლიმია და თურქეთმა და იორდანიამ მათ შესაჩერებლად ერთად უნდა იმოქმედონ.
შეგახსენებთ, გუშინ ღაზას სექტორიდან იერუსალიმის მიმართულებით სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, საპასუხოდ კი ისრაელმა ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიშები დაიწყო. დაძაბულობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც ქალაქში მდებარე ალ-აქსას მეჩეთთან ისრაელის პოლიციასა და პალესტინელებს შორის შეტაკება მოხდა, რის შედეგადაც 300-ზე მეტი პალესტინელი და 20-ზე მეტი სამართალდამცავი დაშავდა.