ოპოზიციის სცენარი რევოლუციურია, რასაც, პირობას ვაძლევთ, რომ ვერ განავითარებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციას ძალიან ცოტა დრო რჩება, რომ ხელისუფლების შეთავაზებაზე, რაც 100/50 საარჩევნო მოდელს გულისხმობს, თავისი პასუხი თქვას.
„ძალიან ცოტა დრო რჩება იმ დროის გასვლამდე, როცა ოპოზიციამ პასუხი უნდა თქვას. თუ პასუხი არ იქნება, მათი ლუსტრაცია მოხდება. უნდა თქვან, უბრუნდებიან თუ არა დიალოგის მაგიდას, რასაც მოუწოდებენ ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები. თებერვლის შემდეგ შეუძლებელი იქნება საარჩევნო ცვლილებების განხორციელება. აქედან გამომდინარე, მათ თებერვლის ბოლომდე უნდა თქვან, უბრუნდებიან თუ არა დიალოგის მაგიდას და ასევე, უნდა თქვან თავიანთი შემხვედრი, ოდნავ რაციონალური წინადადება. ჩვენი შეთავაზება 100/50 -ზე საარჩევნო მოდელი იციან. ეს ბევრად სჯობს 77/73 -ზე მოდელს. თუ კონკრეტულ ხედვას და რაციონალურ წინადადებას არ წარმოადგენენ, ე.ი. მათი ლუსტრაცია ხდება, რომ საარჩევნო ცვლილებები და არჩევნები არ აინტერესებთ. მათი სცენარი რევოლუციურია, რასაც, პირობას ვაძლევთ, რომ ვერ განავითარებენ. თუ ვერაფერზე შევთანხმდებით, საპარლამენტო არჩევნები 77/73 მოდელით ჩატარდება და მაღალი ალბათობით, საკონსტიტუციო უმრავლესობას მივიღებთ, რაც „ქართულ ოცნებას” არაფერში სჭირდება,” – განაცხადა მდინარაძემ