სამეგრელოს-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე გრიგოლ დაგარგულია სამსახურიდან გაათავისუფლეს.

– “მოხდა ჩემი გათავისუფლება, ისე რომ მიზეზები არავის განუმარტავს. ხელში მაქვს მხოლოდ აბსურდული განკარგულება“ – ამბობს „პრაიმტაიმნიუსთან​” გრიგოლ დაგარგულია.

იგი ვარაუდობს, რომ მისი სამსახურიდან გაშვება შესაძლოა უკავშირდებოდეს ალექსანდრე მოწერელიას გუბერნატორობის დროს მის დაწინაურებას.

“მადლობა კოლეგებს (როგორც ყოფილებს ასევე მოქმედებს) რომლებმაც შემძინეს ყველაზე ღირებული ურთიერთობები, მადლობა ჯანდაცვის მუშაკებს, რომლებიც ყოველწამს ამტკიცებენ, რომ არიან საუკეთესოები, მადლობა ჩემს უშუალო თანამშრომლებს პროფესიონალიზმისა და თავდადებისთვის, მადლობა იმ ადამიანებს ვინც მომცა საშუალება ვყოფილიყავი ამ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი.

ვთვლი, რომ მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებდი, რომელმაც გამაცნო უამრავი საინტერესო ადამიანი. ვთვლი, რომ მაქსიმალისტი ვარ და მაქსიმუმს ვითხოვდი ჩემი კოლეგებისგან, თუმცა ყველაფერი ისე იდეალურად არ მოხდა როგორც ვგეგმავდი:

– იმიტომ რომ, ჩემი საქმე მიყვარს, მაგრამ „გამანთავისუფლეს“.

-იმიტომ რომ სისტემა თავის თანამშრომელზე ჩასაფრებულია და ვის ემეგობრება და რა დოზით „თურმე” კონტროლდება.

– იმიტომ რომ შერჩევითი სამართალია.

– იმიტომ რომ პოლიტიკური ნიშნით არ დავნიშნულვარ თანამდებობაზე, შესაბამისად არ ვითვალისწინებ “პოლიტიკანების”აზრს და ვიწყებ სამართლებრივ დავას სისტემის წინააღმდეგ სამსახურიდან უკანონო განთავისუფლების გამო.”,-ამბობს იგი.

დაგარგულიას მსგავსად ასევე გაათავისუფლეს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა გვასალიაც, რომელმაც განაცხადა, რომ სამსახურიდან ყოფილ პრემიერ-მინისტრთან გიორგი გახარიასთან მეგობრობის გამო გაუშვეს.

11 მაისს, თანამდებობის „იძულებით დატოვების“ შესახებ საგანგებო განცხადება გააკეთეს ფოთის, მარტვილის და სენაკის მერების მოადგილეებმა. მედიასთან საუბარში მათ განმარტეს, რომ არიან ყოფილი პრემიერის, „გიორგი გახარიას თანამოაზრეები, თანაგუნდელები, შესაბამისად, ალბათ ეს იყო ძირითადი მიზეზი რატომაც დადგა მოთხოვნა თანადებობის დატოვების“

ფაქტს გამოეხმაურა გახარიას გუნდის წევრი, ყოფილი გუბერნატორი და ამჟამად დეპუტატი ალექსანდრე მოწერელია.

მან განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ მათ პოლიტიკური ნიშნით დევნის.

წყარო: ptn.ge