მინისტრი თურნავა რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ

ვერ დავადასტურებ, რომ საქართველო-რუსეთს შორის ფრენები აღდგა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიამოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით განაცხადა. კერძოდ, მინისტრი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმად, „როსავიაციამ“ რუსულ ავიაკომპანია S7 Airlines-ს მოსკოვიდან ქუთაისის მიმართულებით ფრენების განხორციელების უფლება მისცა.

„თქვენ იცით ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი. არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით, თუ რუსეთის ოფიციალური წრეები გადახედავენ მიღებულ გადაწყვეტილებას და აღდგება პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის. რა ფაქტსაც ასახელებთ, ეს გავრცელდა რუსულ მედიაზე დაყრდნობით, ეს ჯერჯერობით არ ნიშნავს ფრენების აღდგენას. ამისთვის არსებობს მთელი რიგი ფორმალური პროცედურები და ჩვენ საჰაერო ადმინისტრაციას არ მიუღია რაიმე სახის შეტყობინება, რომ ფრენები აღდგენილია. აქედან გამომდინარე ვერ დავადასტურებ, რომ ეს არის ფრენების აღდგენა, მაგრამ ვიმეორებ ჩვენ მივესალმებით თუ კი ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, – განაცხადა ნათია თურნავამ.