“ლეიბორისტული პარტიის” ოფისში დღეს ოპოზიციური პარტიების მორიგი შეხვედრა იმართება.
ევროპულის საქართველოს წევრის სერგი კაპანაძის თქმით, ხელისუფლების ოპონენტების მსჯელობის მთავარი თემა საარჩევნო პროცესები იქნება, კერძოდ კი მაჟორიტარულ ოლქებში პოზიციების კოორდინირება და საერთო კანდიდატებზე შეთანხმება. არ არის გამორიცხული რომ დღევანდელ შეხვედრას საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც დაესწროს:
“4 აპრილი გვაქვს დაანონსებული როგორც აქცია, მანამდე ხდება “გეგმა ბ”-ს მზადება, ანუ თუ “ქართული ოცნება” არაფერზე არ მოდის და აპირებს დღევანდელი სისტემით არჩევნების ჩატარებას, რომ ჩვენ ამას შევხვდეთ მომზადებული. მაჟორიტარულ ოლქებში მოხდეს პოზიციების კოორდინირება და საერთო კანდიდატების წარდგენა, ზოგადად პოზიციების შეჯერება.
რაც შეეხება ბატონი მარგველაშვილის მოსვლას ამ შეხვედრაზე, მან გამოთქვა მზადყოფნა როგორც ვიცით, ჩვენც მივესალმეთ და კარგი იქნება თუ შემოგვიერთდება. ვნახავთ, დღეს თუ მიიღებს მონაწილეობას,”- განაცხადა სერგი კაპანაძემ.