თუ ნაც-მოძრაობა პარლამენტს გარეთ დარჩება, საერთაშორისო მხარდაჭერა იქნება კითხვის ნიშნის ქვეშ

ხატია დეკანოიძე – თუ ენმ პარლამენტს გარეთ დარჩება, საერთაშორისო მხარდაჭერა იქნება კითხვის ნიშნის ქვეშ.

– “თუ ენმ პარლამენტს გარეთ დარჩება, იქნება მუდმივი ცეცხლი ჩვენსა და სხვა ოპოზიციურ პარტიებს შორის, რაც შეუძლებელს გახდის არჩევნებზე კანდიდატებზე კოორდინაციას. ეს გარდაუვალი მარცხია” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ხატია დეკანოიძე წერს.

მისივე თქმით, პარლამენტში არ შესვლის შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობა” მხარდაჭერას დაკარგავს.

“პირველი დღიდან ვიყავი ბოიკოტის მომხერე. მჯერა, რომ ბოიკოტმა თავისი დიდი შედეგი მოიტანა ნიკას გამბედაობასთან ერთად.

ნაწილი პარტიების შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ, სხვა რეალობა დადგა და ამ რეალობის გათვალისწინებით უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება.

– თუ ენმ პარლამენტს გარეთ დარჩება, იქნება მუდმივი ცეცხლი ჩვენსა და სხვა ოპოზიციურ პარტიებს შორის, რაც შეუძლებელს გახდის არჩევნებზე კანდიდატებზე კოორდინაციას. ეს გარდაუვალი მარცხია;

– საერთაშორისო მხარდაჭერა იქნება დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ. ეს გულისხმობს “ქართული ოცნებისთვის” დამატებითი სივრცის მიცემას მანიპულაციებისთვის;

– თუ თვითმმართველობის არჩევნებში ვიღებთ მონაწილეობას (სხვა გზა პარტიისთვის ცუდი შედეგის მომტანი იქნება) პარლამენტიც უნდა გამოვიყენოთ ამ მიზნისთვის; თუ ყველა მიმართულებით ბოიკოტი იქნება, პარტიული სტრუქტურები დასუსტდება;

– პარლამენტი და პროტესტი, ხალხთან ურთიერთობა არავითარ უკუკავშირში არ არის ერთმანეთთან;

– ყველაზე მეტად ვისაც უნდა ენმ-ის გარეთ დატოვება – ქართული ოცნებაა: ჩვენ გამოგვეცალა ერთპარტიული პარლამენტი როგორც ყველაზე დიდი ბერკეტი. ახლა, თუ ჩვენ არასაპარლამენტო პარტია გავხდებით, ივანიშვილის მიზანიც ეგ არის;

– კლეპტოკრატია, ოლიგარქია ყველანაირი მექანიზმით გებრძვის. შენც ყველგან უნდა დახვდე და პასუხი გასცე; საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე გავიჭირდება სანქციებზე მუშაობა და პოლიტიკურ დევნაზე მათი მუდმივი ყურადღება;

– ოპოზიციის დასუსტება, მუდმივი კინკლაობა ნიშნავს რეჟიმის გაძლიერებას. ენმ-ის გარეშე ცვლილება ვერ მოხდება, ისევე როგორც მთელი ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის გარეშე გაგვიჭირდება გამარჯვება;

ყველაზე ძვირფასის, ჩვენი ამომრჩევლის ჩართულობა ამ დისკუსიაში უმნიშვნელოვანესია, მაგრამ დისკუსია უნდა იყოს რაციონალური გადაწყვეტილების მიღებისთვის და არა ერთმანეთის დამუნათებისთვის.

ჩვენ ვართ პარტია, რომელმაც დაამკვიდრა პროგრესი. გვაქვს პრეტენზია, რომ ქვეყანა კვლავ პროგრესის გზით წავიყვანოთ და გადაწყვეტილებებიც გამბედავი უნდა მივიღოთ, როგორც 2003-2012 წლებში” – წერს ხატია დეკანოიძე.

წყარო: report.ge