აშშ-მა გაზსადენ Nord Stream 2 -ის პროექტში ჩართულ კომპანიას – Nord Stream 2 AG-ს და მის აღმასრულებელ დირექტორს, მათიას ვარნინგს სანქციები გაუუქმა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესს ანგარიში გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ კომპანია Nord Stream 2 AG და მისი აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პირია, ისეთ საქმიანობაში არიან ჩართული, რომელიც ამერიკის კანონმდებლობის შესაბამისად, სანქციებს იმსახურებს. თუმცა, აშშ-ის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, დეპარტამენტი სანქციებზე უარს აცხადებს.
”დღევანდელი ქმედებები აჩვენებს ადმინისტრაციის ერთგულებას ევროპის ენერგოუსაფრთხოებისადმი, რაც შეესაბამება პრეზიდენტის დაპირებას, რომ აღადგენს ურთიერთობებს ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ევროპაში”, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.
აშშ-ის ამ ნაბიჯს რუსეთსა და გერმანიაში გამოეხმაურნენ. რუსული მედიის ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ ის მიესალმება ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებისკენ ეტაპობრივად გადასვლის შანსს.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა კი აღნიშნა, რომ აშშ-ის ეს ნაბიჯი იმის გამოხატვაა, რომ გერმანია მნიშვნელოვანი პარტნიორია აშშ-სთვის. კრიტიკოსები აცხადებენ, რომ გაზსადენი მთავარი „გეოპოლიტიკური პრიზია“ კრემლისთვის.
პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 11 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტს, რომლის მიხედვითაც რუსული გაზის გერმანიისთვის მიწოდება არქტიკიდან უნდა მოხდეს, ეწინააღმდეგებოდა და აცხადებდა, რომ ეს ევროპისთვის ცუდი გარიგებაა. ვაშინგტონი შიშობს, რომ რუსეთი Nord Stream 2-ის საშუალებით ევროპას მოსკოვზე უფრო დამოკიდებულს გახდის და გაზსადენს ევროკავშირის ქვეყნების დასასუსტებლად გამოიყენებს.