„ჩვენ ხომ საბაჟო არ ვართ“ – ლავროვმა პუტინისა და ბაიდენის შეხვედრის თემაზე იხუმრა

შეხვედრის გამართვა ვლადიმირ პუტინს ჯო ბაიდენმა აპრილის შუა რიცხვებში შემდგარი სატელეფონო საუბრის დროს შესთავაზა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აშშ–ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის ლიდერების – ვლადიმირ პუტინისა და ჯო ბაიდენის – შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით არაორდინარული პასუხი  გასცა.

მედია შეეცადა ლავროვისგან გაეგო დათანხმდა თუ არა მოსკოვი პრეზიდენტების შეხვედრას – „ჩვენ ხომ საბაჟო არ ვართ, ბეჭედი რომ დავუსვათ“, – ხუმრობით უპასუხა მინისტრმა.

ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ რუსეთისა და აშშ–ის პრეზიდენტების შეხვედრის გამართვასთან დაკავშირებით საბოლოო შეთანხმება მიღწეული ჯერ არ არის, თუმცა თუ შეთანხმება შედგება, სამიტი შეიძლება გაიმართოს ერთ–ერთ „ევროპულ დიპლომატიურ დედაქალაქში“. აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა სამშაბათს განაცხადა, რომ ამერიკული მხარე ბაიდენი–პუტინის შეხვედრის გამართვას  მომავალ კვირებში ელოდება.