ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით აჭარას, მამასისხლად აღებული ვალებით ქობულეთი-ბათუმის შემოვლითი ტრასისა და ბათუმში აშენებული უხარისხო “ცათამბჯენების” გარდა, სააკაშვილის დროიდან მოყოლებული, რეალურად ბევრი არაფერი კარგი და ახალი არ დატყობია.
რა თქმა უნდა, აჭარა თურქებით აივსო, ფრთები გაშალეს თურქულმა ორგანიზაციებმა, შენდება მეჩეთები, მედრესეები, მაგრამ ჰიგიენას და ინფრასტრუქტურას ნაკლები ყურადღება ექცევა. აჭარა, რომელიც პირდაპირი გაგებით, წყალს მიაქვს, ჯერ კიდევ შორს არის სასმელი წყლის მიწოდების სისტემით სრულფასოვანი უზრუნველყოფისგან. ეს საკითხები მომდევნო 5-10 წლის “სიმღერა” იქნება.
მოახლოვდა 2020-ის არჩევნები და “ქოცნების” აგიტატორებმა “იმედის” ტელესტუდიაში თორნიკე რიჟვაძე მოიწვიეს. რიჟვაძემ იმედი უნდა ჩაუსახოს ხალხს. მან გადაცემა “სვოტ”-ში (ძალიან “სვეტსკი” სახელწოდების გადაცემაში) შემდეგი განაცხადა:
„ძირითადი და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ნაწილში აჭარისთვის ზოგადად, დაახლოებით 10-წლიან პერსპექტივაში მნიშვნელოვანი იქნება წყალმომარაგება, გაზიფიცირება. ამ ნაწილში ჩვენ უკვე მოვიძიეთ შესაბამისი რესურსები. გაზიფიცირების ჭრილში მხოლოდ წელს დაახლოებით 30-მდე სოფლის გაზიფიცირება მოხდება სრულად აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში. შარშან დეკემბერში, ჩვენ პირველად გოდერძის უღელტეხილზე ავანთეთ გაზი და ეს იყო მართლა წარმოუდგენელი წლების წინ…
…შემდეგი 5 წლის განმავლობაში აჭარაში, როგორც ბათუმში, ასევე ყველა მუნიციპალიტეტში ჩვენ დავხარჯავთ 110 მილიონ ევროზე მეტს. ეს ნიშნავს, რომ პრაქტიკულად ყველა დაბაში, ყველა სოფელში გვექნება თანამედროვე წყალმომარაგება. ყველგან, სადაც ამის ტექნიკური შესაძლებლობა არის, გვექნება გაზი. ძირითადი გზების ნაწილი პრაქტიკულად დასრულებულია და მთავრი გამოწვევა, რაც გვქონდა, წელსვე ამ ნაწილში ხულო-ზარზმის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას დავიწყებთ. ამიტომ, ეს ძირითადი კრიტიკული ინფრასტრუქტურა იქნება 5 წლის ჭრილში მოგვარებული ერთხელ და სამუდამოდ. და ეს ნიშნავს, რომ ყველას მიეცემა შესაძლებლობა როგორც ეკონომიკური აქტივობის, ასევე კიდევ უფრო მეტი კეთილდღეობის“, – განაცხადა აჭარის მთავრობის მეთაურმა.