„ოცნების“ კრიტიკა არ მეზარება, მაგრამ კარგია, რომ თანხვედრა მოხდა საარჩევნო საკითხებში

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, სწორი ნაბიჯი იქნება, თუ ცესკო-ს თავმჯდომარე, თამარ ჟვანია საკუთარი ნებით დატოვებს თანამდებობას.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ აღნიშნა, ამის მიუხედავად, მნიშვნელოვანია საარჩევნო სისტემის ფუნდამენტური ცვლილება, რომ საარჩევნო მანიპულაციები აღარ მოხდეს.

“წარმოვიდგინოთ, დღეს საღამოს გაეხსნა გონება თამარ ჟვანიას და დაწერა გადადგომაზე განცხადება, პარლამენტმა უმრავლესობით აირჩია თამარ ჟვანია 2, ვიღაც სხვა, ეს შეცვლის რამეს, თუ სისტემა არ შეიცვალა? ის ხომ ისევ გააყალბებს. თვითონ თუ გადადგება, სწორი ნაბიჯი იქნება, მაგრამ ჩვენ თუ მექანიზმს შევცვლით და გამოვაცლით ამ ბერკეტს, თამარ ჟვანიაც რომ გადადგეს და მეორე თამარ ჟვანია დაინიშნოს, მაგალითად, ჭიჭიკო პეტრიაშვილი, ხვალ ის ხომ იმ ხაზის იგივე გამტარებელი იქნება. მექანიზმი თუ არ შევუცვალეთ, სახელს და გვარს რამე მნიშვნელობა ექნება? ამიტომ არის, რომ მექანიზმი, ბერკეტები, შემადგენლობა თუ იცვლება, თამარ ჟვანია, რომელიც არც მე და არც სხვას არ მოგვწონს, მისი არსებობა გაყალბების ან მანიპულაციების კუთხით აზრს კარგავს. ვფიქრობ, ეს მექანიზმები უნდა შევცვალოთ. აქედან გამომდინარე, ე.წ. თამარ ჟვანიების არსებობა აზრს დაკარგავს. მე ბევრ რამეში არ მეზარება „ქართული ოცნების“ კრიტიკა, მაგრამ, კარგია, რომ საარჩევნო პუნქტების შესრულებაზე წამოვიდნენ და თითქმის აბსოლუტური თანხვედრა მოხდა ამ საკითხებში“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

 

“რეზონანსი”