15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული გამომძიებლის მარიანა ჩოლოიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მისი ადვოკატი თეონა გვაზავა არ საუბრობს. ასევე, მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისგან თავს იკავებენ ღუდუშაურის კლინიკაშიც.
ადვოკატ თეონა გვაზავას განცხადებით, მარიანა ჩოლოიანს ღუდუშაურის კლინიკაში გამოკვლევები უტარდება.
„ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემთ რადგან ეს პერსონალური მონაცემებია და ნებისმიერ შემთხვევაში, პაციენტის თანხმობაა საჭირო. წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში იგეგმებოდა, რომ გამოკვლევები ჩატარებულიყო. კონკრეტულად, რა გამოკვლევები ჩატარდა და რა უნდა ჩაუტარდეს, ეს ჯერჯერობით უცნობია. პენიტენციური დაწესებულება უზრუნველყოფილია საავადმყოფოთი და სამედიცინო პერსონალით. როდესაც პაციენტი სხვა საავადმყოფოში გადაჰყავთ, ამ გადაწყვეტილებას ციხის ადმინისტრაცია მაშინ იღებს, როდესაც მიიჩნევს, რომ ადგილზე შესაბამის სამედიცინო დახმარებას ვერ გაუწევს. ის დამატებით გამოკვლევას საჭიროებს, შესაბამისად, დღეს ჩაუტარდება გამოკვლევები და ალბათ, დიაგნოზს გვეტყვიან. კანონის თანახმად, თუ მისი თანხმობა იქნება, ამ დიაგნოზსაც გავაჟღერებთ“,-განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი პენიტენციური დაწესებულებიდან გუშინ, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.
ცნობისთვის, 15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ლუკა სირაძის საქმეზე, პოლიციის კიდევ რამდენიმე თანამშრომლის მხრიდან ადმინისტრაციული გადაცდომა გამოკვეთა. უწყებამ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მიმართა პოლიციის მუშაკებისთვის შესაძლო დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის გადაწყვეტის მიზნით.