პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა საქართველოში გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტის ჩამოსვენებას ეხმაურება.
„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა დღეს. ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლი გენერლის ნეშტი დაუბრუნდა საქართველოს. ეს არის დღეები, როდესაც განსაკუთრებულ ემოციურ დატვირთვას იწვევს, გვახსენებს ჩვენს თვითმყოფადობას, წარსულს, ჩვენს მომავალს. ეს ნამდვილად ერთ-ერთი ის დღე არის და ამ ემოციებიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მოხარული ვართ, რომ ჩვენი გმირის ნეშტი დაუბრუნდა საქართველოს“,- განაცხადა კახა კუჭავამ.
ცნობისთვის, გენერალ გიორგი კვინიტაძეს, გარდაცვალებიდან 50 წლის შემდეგ, სამშობლოში ჩამოასვენეს.
რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის დროს, მთავარსარდალმა კვინიტაძემ მცირე ძალებით გადაწყვიტა თბილისის დაცვა. თავდაცვის სექტორების ჩამოყალიბების შემდეგ მან დედაქალაქზე რამდენიმე შტურმიც მოიგერია. ემიგრაციაში, კონკრეტულად კი საფრანგეთში, რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ, მთავრობისა და სარდლობის წარმომადგენლებთან ერთად წავიდა. ის ქვეყნის ისტორიაში დარჩა, როგორც ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლი გენერალი.
წყარო: itv.ge