„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე აცხადებს, რომ ფიზიკური პირებისთვის საბანკო რეგულაციების გამარტივების შესახებ პრინციპული შეთანხმება არსებობს.
„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, რა გამოწვევების წინაშე იდგა ზოგადად საბანკო სექტორი და „თიბისი ბანკი“ 2019 წელს, ბუცხრიკიძე აცხადებს, რომ გასულ წელს, რეგულაციების გამო, ყველაზე ნაკლები ზრდა ფიზიკური პირების დაკრედიტებაში იყო და რეგულაციების შერბილებას მარტი-აპრილში პროგნოზირებს.
„2019 წელს ძირითადი ზრდა გვქონდა კორპორატიულ ბიზნესში, საშუალო და მცირე ბიზნესში. ზრდა იყო 30%-ზე მეტი. ყველაზე ნაკლები ზრდა ფიზიკური პირების დაფინანსებაში გვქონდა და ამისი ლოგიკა ის იყო, რომ მოგეხსენებათ 2019 წლის დასაწყისში რეგულაცია გამკაცრდა ფიზიკური პირების დაფინანსების კუთხით.
ბოლო სამი თვის განმავლობაში საკმაოდ აქტიური საუბრები, კონსულტაციები მიმდინარეობს ეროვნულ ბანკთან და ჩვენი მოლოდინია, რომ მარტი-აპრილში მოხდება ამ რეგულაციების გამარტივება, რაც იმას გამოიწვევს, რომ წელს როგორც „თიბისი ბანკის“, ისე ზოგადად საბანკო სექტორის ზრდა ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემაში უფრო მეტად აქტიური იქნება. მთავარია რომ პრინციპული შეთანხმება არსებობს“, – აცხადებს ბუცხრიკიძე.
შეგახსენებთ, 2019 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შევიდა ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებული, ფიზიკურ პირებზე პასუხისმგებლიანი დაკრედიტების დებულება, რომლის თანახმადაც სესხის გამცემი ვალდებულია მსესხებლის გადახდისუნარიანობა შეაფასოს. ამასთან, დაწესდა სესხის მომსახურებისა და უზრუნველყოფის კოეფიციენტების მაქსიმალურ ზღვრები შემოსავლებთან მიმართებაში.