TBILISI PRIDE ნამახვანჰესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და რიონის ხეობის მცველებს მხარდაჭერას უცხადებს.
ამავდროულად, ორგანიზაცია რიონის ხეობის მცველებს მოუწოდებს, გაემიჯნონ ძალადობრივ ჯგუფებს. მეტრონომი TBILISI PRIDE-ის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“თბილისი პრაიდი მხარს უჭერს და და სოლიდარულია რიონის ხეობის დამცველთა მიმართ. მიგვაჩნია, რომ პროტესტის ორგანიზატორთა მოთხოვნები სამართლიანია. ნამოხვანის ჰესი შენდება კაბალური სახელშეკრულებო პირობებით, რომელიც ინვესტორს საშუალებას აძლევს მიიღოს მოგება მიწის, წყლის და სხვა ბუნებრივი რესურსების გამოყენებით, საქართველოს სახელმწიფო და მოქალაქეები კი წაგებულნი ვრჩებით ეკონომიკური, ეკოლოგიური, სოციალური და ემოციური თვალსაზრისით.
ჩვენთვის მიუღებელია მსხვილი ეკონომიკური პროექტების განხორციელება, თუკი პროექტის თანმხლები ზიანი და სარგებელი არ არის სათანადოდ აღრიცხული და შეფასებული; თუკი პროექტის თანმხლები სარგებელი არ აღემატება ზიანს, ხოლო აღნიშნული სარგებლის უპირველესი მიმღები არ არის ადგილობრივი მოსახლეობა ან/და მთლიანად საქართველოს მოქალაქეები.
ჩვენთვის მიუღებელია მსხვილი ეკონომიკური პროექტების განხორციელება და ინვესტორებთან ხელშეკრულებების გაფორმება ხელისუფლების მხრიდან მოქალაქეებთან, ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციებისა და ადგილობრივი მოსახლეობის დემოკრატიული ჩართულობის გარეშე.
ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობა თავს არიდებს ნამოხვანჰესის პროექტის ადგილობრივ მოსახლეობასთან და პროტესტის ორგანიზატორებთან განხილვას, არ აქვს პასუხი პროექტის თანმხლებ ზიანსა და სარგებელთან დაკავშირებით, და ვერ ამტკიცებს, რომ ინვესტორთან გაფორმებული ხელშეკრულება საქართველოს სახელმწიფოსა და მოქალაქეების ინტერესებს ასახავს. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ რიონის ხეობის მცველთა პროტესტი საჭიროცაა და სამართლიანიც. მეტიც, ეს ჩვენი, ქვიარების ბრძოლაცაა, ვინაიდან ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ დაცულ, თავისუფალ და დემოკრატიულ საზოგადოებაში!
სწორედ ამიტომ, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ გვქონდეს ამ ბრძოლის მიმართ სოლიდარობისა და მხარდაჭერის გამოხატვის შესაძლებლობა. სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ ქვიარ თემს ჩვენი გამოხატვის თავისუფლების შელახვის წლების გამოცდილება გვაქვს. ჩვენ ხშირად ვხდებით ულტრამემარჯვენე ძალადობრივი ჯგუფების მუქარის, სიტყვიერი თუ ფიზიკური ძალადობის სამიზნე. ულტრამემარჯვენე დაჯგუფებების ლიდერები ლევან ვასაძე და მამა-შვილი ფალავანდიშვილები არაერთხელ დაგვემუქრნენ და დაგვესხნენ თავს ქვიარ თემის წარმომადგენლებსა და აქტივისტებს. სამწუხაროდ, ჩვენი არაერთი საჩივარის და როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე ამ საკითხის არაერთხელ დაყენების მიუხედავად პოლიცია და სახელმწიფო არ ახდენს სათანადო რეაგირებას ამ დანაშაულებრივ ქმედებებზე.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია სამართლიანი მიზნებისთვის მებრძოლი მოძრაობები და აქტივისტები გაემიჯნონ ამ ექსტრემისტულ, ძალადობრივ დაჯგუფებებს და ხმამაღლა დაგმონ მათ მიერ აქციებზე განხორციელებული ძალადობის აქტები. სხვა შემთხვევაში, ვშიშობთ, ამ დაჯგუფებებმა შეიძლება მოახერხონ პროტესტის დისკრედიტაცია და არასწორი მიმართულებით წარმართვა, რაც არც ჩვენი და არც რიონის ხეობის მცველთა ინტერესებში არ არის. ვთხოვთ რიონის ხეობის მცველებს, პატივი სცენ ჩვენს გამოხატვის თავისუფლებას, მკაფიოდ გაემიჯნონ ყოველგვარ ძალადობას მათ მიერ ორგანიზებულ აქციებზე, მათაც ჩვენთან ერთად მოთხოვონ სახელმწიფოს, აქციებზე მომხდარ თავდასხმებზე ადეკვატური რეაგირება და არ გააკეთონ ისეთი განცხადებები, რომლებმაც შესაძლოა ძალადობის წახალისება გამოიწვიოს”, – ნათქვამია განცხადებაში.
ნამახვანჰესის აქციაზე მისული სირცხვილიას აქტივისტს, სალომე ბარკერს LGBTQ სამკლაურის გამო მოძალადეობრივი ჯგუფის აქტივისტის, გურამ ფალავანდიშვილის შვილმა აქციაზე ყოფნა დაუშალა და წასვლა მოსთხოვა.
“სამწუხაროდ, მომიწია, მონაწიელობა მიმეღო ისეთ რაღაცაში, რაშიც მონაწილეობა არ მინდოდა. მოვედი 12 საათზე, რადგან მაგ დროს დაანონსებული ჰქონდათ, რომ იწურებოდა ულტიმატუმის დრო და ვიფიქრე, დაიძაბებოდა სიტუაცია და დასჭირდებოდათ მხარდაჭერა. უცებ, არსაიდან გაჩნდა გურამ ფალავანდიშვილის შვილი და მითხრა, მოიხსენი ლგბტქ სამკლაური. ვუპასუხე, რომ არ მოვიხსნიდი, რადგან 2 წელია, მიკეთია ყველგან. ეს ჩემი კონკრეტული განაცხადია, ვუთხარი, რომ არ მოვიხსნი. ყველას აქვს თავისი დროშა. ამ ადამიანმა ატეხა ერთი ამბავი და გვეძახა პროვოკატორები. ვიღაცამ მომიწოდა, რომ ტრუსიკით ნუ ვარ აქციაზე და ჩავიცვა შარვალი, ვიღაცამ მითხრა, რომ რას ვგავარ. ვიღაცამ, რატომ ვლაპარაკობ. ახლა თქვენ რომ გელაპარაკებით, ვიღაცებს ჰგონიათ, რომ აქ პროვოკაციას ვდგამ. გამომაგდეს აქციიდან და მითხრეს, ინტერვიუსაც ნუ აძლევო”, – განაცხადა სალომე ბარკერმა.
მანვე აღნიშნა, რომ ძალიან რცხვენია, რადგან აქციაზე მხარდასაჭერად მივიდა და რაც მოხდა, მისი მიზანი არ ყოფილა.