ოპოზიციის სულისკვეთებაა, რომ მხოლოდ ნიკანორ მელიაზე გავრცელდეს ამნისტია – ანრი ოხანაშვილი.
– “ჩვენ გვქონდა კონკრეტული შენიშვნები და შეკითხვები ოპოზიციის მიერ დაინიცირებულ პროექტთან დაკავშირებით და ვერ მივიღეთ პასუხები. ოპოზიციის სულისკვეთებაა, რომ კანონპროექტის მთავარი არსი იყოს ერთადერთ პირზე, ნიკანორ მელიაზე გავრცელდეს ამნისტია” – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
“ისინი არიან მოტივირებულნი იმ სულისკვეთებით, რომ მხოლოდ ნიკანორ მელიას შეეხოს, სხვა მოცემულობა არ აინტერესებთ და ეს ჩაკეტილი აქვთ დაზარალებულის თანხმობით, პოლიციელებზე მხოლოდ იმ შემთხვევაში ავრცელებენ, თუ დაზარალებული თანახმაა და ჩვენ წინასწარი განწყობა ვიცით, რომ დაზარალებული თანახმა ვერ იქნება და არ იქნება.
ეს ნიშნავს, რომ ოპოზიციურმა ჯგუფებმა ჯერ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, აიღეს პასუხისმგებლობა, ახლა ამ შეთანხმებიდან გასვლა სურთ და ნაცვლად პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებისა, მორალური პასუხისმგებლობა გადააქვთ დაზარალებულებზე, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია” – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
წყარო: newposts.ge